„გირჩი“ ოფისში საროსკიპოს ხსნის

 
პარტია „გირჩის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ოფისში საროსკიპოს გახსნიან.  როგორც ჯაფარიძე ამბობს, საროსკიპოს სახელწოდებაა „პიონერი“, რომლის სპონსორი სექსშოპი „კიკუ" იქნება. 1 საათით ამ ფართის დაკავება ეღირება 49 ლარი და 90 თეთრი და ამ სერვისით სარგებლობა შეეძლება ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სექსუალური მომსახურებით სარგებლობის სურვილი ექნება.  „აღნიშნულით ჩვენ ვარღვევთ 254-ე მუხლის მესამე ნაწილს, რომელიც გულისხმობს პროსტიტუციის ხელშეწყობას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 6 წლამდე. ხელისუფლებას აქვს არჩევანი გასაკეთებელი - ან უნდა დაგვაპატიმროს მთლიანად „გირჩი", ან გაათავისუფლონ ამ მუხლით დაკავებული ყველა პირი, მათ შორის, ზოგადად, შეწყვიტონ უდანაშაულო ადამიანების დევნა“, - განაცხადა ჯაფარიძემ. მან მთაწმინდის ოლქში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს, ჰერმან საბოს საროსკიპოს ოფიციალურად გახსნა სთხოვა.     მიმდინარე კვირას შსს-მ პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით როენა ხუცურაული, მეტსახელად „მამიდა" დააკავა. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.