„გლოკით“ დააჯილდოვეს რიგითი, რომელმაც კაცი რიონში დახრჩობას გადაარჩინა
გოგა გოგლიჩაძეს, რომელმაც მდინარე რიონში მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი შეხვდნენ. ლევან იზორიამ და გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მას გმირული საქციელისთვის მადლობა გადაუხადეს და „გლოკის“ ტიპის სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დააჯილდოვეს.
III ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის მეტყვიამფრქვევემ, I კლასის რიგითმა, გოგა გოგლიჩაძემ გუშინ ქალაქ ქუთაისში მდინარეში გადახტომის დროს მამაკაცი ხიდიდან შენიშნა. უცნობი მამაკაცის გადარჩენის მიზნით, ჯარისკაცი წყალში შევიდა და მაშველების მისვლამდე მას დახმარება აღმოუჩინა.