გოგუაძე კვირიკაშვილს: გისურვებთ, თანამდებობის გულწრფელი აღიარებით დატოვება არ მოგიწიოთ

 
„გისურვებთ, რომ არ მოგიწიოთ თანამდებობის დატოვება ისეთ გულწრფელი აღიარებით, რომლითაც ირაკლი ღარიბაშვილი დაგვემშვიდობა" - ამ სიტყვებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა დეპუტატმა ნინო გოგუაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს მიმართა. გოგუაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნდა, რომ „პრემიერის თანამდებობაზე მისი ყოფნა შეუთავსებელია მისსავე ოცნებასთან, - ქვეყნის სიძლიერესთან და ხალხის კეთილდღეობასთან". „ბატონო გიორგი, თქვენ უდავოდ ტაქტიანი, გაწონასწორებული ადამიანი ხართ. თქვენთვის უცხოა სიძულვილის ენა და რაც მთავარია, საზოგადოებაში სიძლვილის გაღვივების სურვილი. მაგრამ ამავე დროს, ქვეყანას განაგებს პოლიტიზირებული სასამართლო და პროკურატურა. ეკონომიკურ კრიზისს ჯიუტად არ იმჩნევს აღმასრულებელი ხელისუფლება, პარლამენტი კი საზოგადოების მოთხოვნის მიუხედავად უარს ამბობს საგამოძიებო კომისიების შექმნაზე" - მიმართა გოგუაძემ კვირიკაშვილს. მისი თქმით, ძალიან ხშირად ძალაუფლება ცვლის ადამიანს, და როგორც წესი, ცვლის არც თუ უკეთესობისკენ, მაგრამ არც საპირისპირო გავლენაა გამორიცხული. „ზოგჯერ ადამიანი აუმჯობესებს ძალაუფლებას. ცხადია მხოლოდ სურვილი ამისთვის საკმარისი არ არის, მაგრამ აუციელბელია" - თქვა გოგუაძემ.