გორში წისქვილკომბინატის გაფიცული თანამშრომლები საპროტესტო აქციას გეგმავენ
გორში წისქვილკომბინატ „კარემენის“ თანამშრომლებმა გუშინ გაფიცვა დაიწყეს, დღეს კი საპროტესტო აქციას გეგმავენ. აქციას პროფკავშირების გაერთიანებას შეუერთდება. დასაქმებულების მთავარი მოთხოვნა ხელფასის მომატებაა.
გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, სავარაუდოდ, პროფკავშირული ნიშნით, ადმინისტრაციამ გაათავისუფლა ერთ-ერთი თანამშრომელი, ხოლო 3 თანამშრომელს სასტიკი საყვედური გამოუცხადა, რასაც თანამშრომელთა პროტესტი მოჰყვა და საბოლოოდ გუშინ დილით ქარხანა გაიფიცა.
„პროფკავშირებს გაფიცვის უფლება უკვე მოპოვებული აქვთ. გაფიცვამდე მედიაციისთვის კანონით განსაზღვრულმა 21-დღიანმა ვადამ შედეგი ვერ გამოიღო. მოლაპარაკების მთავარი საგანი იყო შრომის ანაზღაურების მატება, რომელიც ქარხანაში ბოლო 8 წლის განმავლობაში არ მომხდარა. დასაქმებულთა უამრავ მცდელობას, რომ შეთანხმება კონსტრუქციული მოლაპარაკებების გზით მიღწეულიყო, ადმინისტრაცია არააადეკვატურად მიუდგა და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით უბიძგა დასაქმებულებს უკიდურესი ზომისკენ, გაფიცვისკენ, რაც მათ გარანტირებული აქვთ კონსტიტუციით," - ნათქვამია პროფკავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აქცია დღეს 12 საათზეა დაგეგმილი.