ჰერთა აირტონის სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ

 
ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში სრულყოფილად აღვწერეთ და გავაანალიზეთ ჰერთა აირტონის სამეცნიერო მოღვაწეობა, ცხოვრება, მიღწევები, გამოგონებები და აღმოჩენები. როგორც ნაშრომის დასასრულ ითქვა, მეცნიერი 1923 წლის აგვისტოს დამლევს გარდაიცვალა: სისხლი მოუწამლა მწერის ნაკბენმა. ჰერთა მიზოგინების სამიზნე გახდა, როცა ჰენრი არმსტრონგს სთხოვეს მისი ნეკროლოგის დაწერა (მოცულობიდან გამომდინარე, შეგნებულად არ დავურთეთ ეს მონაკვეთი სტატიას და გადავწყვიტეთ, ცალკე პუბლიკაციად შემოგვეთავაზებინა ზემოხსენებული ნეკროლოგის ანალიზი და კრიტიკა). ცხადია, არმსტრონგისათვის ასეთი თხოვნით მიმართვა მცდარი გადაწყვეტილებაც იყო და ჰერთას შეურაცხყოფაც, რამეთუ როგორც სტატიაში ითქვა, სწორედ არმსტონგი იყო ის, ვინც თავგამოდებით ეწინააღმდეგებოდა ქალის არჩევას (სქესის გამო) ინგლისის სამეფო საზოგადოების წევრად. გარდა ამისა, სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებებს მოუწოდებდა, არავითარ შემთხვევაში არ მიეღოთ ქალები. მისი აზრით, მდედრობით სქესს არაფერი ესაქმებოდა მეცნიერებაში. არმსტრონგის რეტროგრადობა, სიბეცე და ინტელექტუალური ბანკროტობა აპოგეას აღწევს, როცა იგი მორჩილი, მოსაწყენი, უენო და არაფრით გამორჩეული ცოლის ყოლას მიიჩნევს კაცის უფრო ხანგრძლივი, ბედნიერი ცხოვრებისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობის საწინდარად. ამ სასაცილოდ პატარა ტექსტში არმსტრონგი მხოლოდ გაკვრით ახსენებს ჰერთას ცხოვრების იმ მონაკვეთს, როცა სქესის გამო უთხრეს უარი ინგლისის სამეფო საზოგადოების წევრობაზე, თუმცა, არაფერს ამბობს საკუთარ უდიდეს პასუხისმგებლობაზე. „რატომღაც“, არ წერს, თავადაც რომ იყო აირტონის მოწინააღმდეგეთა რიგებში; რომ მხოლოდ სქესის გამო უარყო კანდიდატი; რომ მუდამ ილაშქრებდა ქალთა თავისუფლების წინააღმდეგ და აცხადებდა, სხვა ინსტიტუციების კარიც დახურული უნდა იყოს მათთვისო. „უმეტესობა ჩვენგანი ფიქრობდა, რომ უილიამ აირტონმა და მისი კოლეგამ, ჯონ პერიმ, უგუნურება და წინდაუხედაობა გამოიჩინეს, როცა მხარი დაუჭირეს ჰერთას მოთხოვნას და სამეფო საზოგადოებას შესთავაზეს ქალის კანდიდატურა“, - წერს არმსტრონგი. რატომ იყო უგუნურება და წინდაუხედაობა? იმიტომ, რომ ჯონ პერიმ და უილიამმა ყურადღება არ მიაქციეს ჰერთას სქესს, აღიარეს მისი უდიდესი მიღწევები, უზადო ექსპერიმენტების შედეგად მიღებული პიონერული დასკვნები, ფიზიკისა და ელექტროინჟინერიის უნაკლო ცოდნა, ორიგინალური ხედვა და განაცხადეს, რომ აირტონი იმსახურებდა ამ საზოგადოების წევრობას (სქესის მიუხედავად); იმიტომ, რომ ისინი არ იზიარებდნენ არმსტრონგის პატრიარქალურ იდეებს და მიიჩნევდნენ, რომ ქალებიც იმსახურებდნენ სამეცნიერო დაწესებულებებში შესვლას; იმიტომ, რომ უილიამი ,,ფლოსტების მოტანას“ და ,,გემრიელი ვახშმის“ მომზადებას არ ავალებდა ცოლს, არ ზღუდავდა და თავისუფლებას აძლევდა. ერთობ საინტერესო განმარტებაა ,,უგუნურების“. როგორი იქნებოდა „წინდახედული“ და „გონივრული“ საქციელი მათი მხრიდან? ცხადია, არმსტრონგივით „რუპორით“ უნდა ეყვირათ, ქალს რა ხელი აქვს მეცნიერებასთან, ოჯახშია მისი ადგილიო. არმსტრონგი წერს: „მისის აირტონი არ იყო მებრძოლი სუფრაჟისტი, თუმცა, ყოველნაირად უჭერდა მხარს ქალთა ემანსიპაციის იდეას“. ესეც ტყუილია. აირტონი სწორედ რომ მებრძოლი სუფრაჟისტი იყო და არა მხოლოდ იზიარებდა ემანსიპაციის იდეას, არამედ ფემინისტურ დემონსტრაციებში იყო ჩართული, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლიც გახდა პოლიციელის მხრიდან და სამეფო საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლაც კი გადადო - შიშობდა, რომ მასაც ციხეში უკრავდნენ თავს სხვა სუფრაჟისტებთან ერთად. არმსტრონგის ამ სუბიექტურ აზრს და ურცხვ ტყუილს აცამტვერებს ის ფაქტიც, რომ უილიამი მუდამ არიდებდა თავს ცოლის კვლევაში ჩარევას. მეტიც: როცა მან ვერ შეძლო საადმირალოსაგან დავალებული საქმის შესრულება, ჰერთას სთხოვა დახმარება და თავად შეეშვა კვლევას. ამ უკანასკნელმა კი მალევე გადაჭრა პრობლემა. ისეთ აღმოჩენებამდე მივიდა, არა მხოლოდ პასუხი გასცა საადმირალოს მთავარ შეკითხვას, არამედ სამხედრო ფლოტის პროჟექტორებისა და საჰაერო ხომალდების საწინააღმდეგო პროჟექტორების სულ სხვაგვარი მოდელი შესთვაზა ინჟინრებს. რაც მთავარია, მისი ქმარი ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა ამას და საადმირალოს მოსთხოვა კიდეც, გარკვევით აღენიშნათ ჰერთას დამსახურება. როცა უილიამმა ელექტრული რკალების შესახებ დაწერა არასრულყოფილი, ნაკლოვანი ნაშრომი და ვერავითარი გადამჭრელი დასკვნა ვერ შესთავაზა მეცნიერებს, სტატიის გადამუშავების სურვილიც კი გაუქრა და ხელი აიღო საქმეზე, ჰერთამ კი დაიწყო მუშაობა და დიდ წარმატებას მიაღწია. უილიამმა ცოლის კუზენს უთხრა: „მე და შენ შემძლე და გამჭრიახი ადამიანები ვართ, ფილიპ, ჰერთა კი გენიოსია“. არმსტრონგისდა სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ მისტერ აირტონმა „მარადი ქალური ბუნების“ შესახებ არსებული მითებით არ გამოუჭედა თავი ცოლს; „მოსაწყენი, უღიმღამო“ ცოლის ყოლასა და პატრიარქალურ „იდილიას“ არჩია იმ მეცნიერ და გამომგონებელ ქალზე დაქორწინება, შემოქმედებითად რომ იწვოდა დღემუდამ და სრულიად თავისუფალი იყო მისი ინტელექტუალურ-მენტალური გავლენისაგან. არმსტრონგის ლეგენდებს ანადგურებს ის ფაქტიც, რომ ჰერთა უილიამის გაცნობამდეც აქტიურად იყო ჩართული მეცნიერულ კვლევა-ძიებაში და არაერთი გამოგონება დააპატენტა. საინტერესოა (მისტერ არმსტრონგის აზრით), როგორ „განიცდიდა“ ქალი კაცის გავლენას, როცა არც კი იცნობდა მას? ტელეპათიური კავშირი ჰქონდათ, თუ უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით აწვდიდა იდეებს მომავალ თანამეცხედრეს, რომელიც თვალით არ ენახა? აღსანიშნავია ისიც, რომ ჰერთამ დაიწყო იმ სფეროს კვლევა (ჰიდროდინამიკის), რომელსაც კავშირი არ ჰქონდა ქმრის პროფესიულ პროფილთან. უილიამის გარდაცვალების შემდეგაც განაგრძო ექსპერიმენტები, სტატიების გამოქვეყნება და მრავალი გამოგონება დააპატენტა. ამ ფაქტთან დაკავშირებით რას იტყვის პატივცემული არმსტრონგი? შესაძლოა, ომახიანად ამტკიცოს კიდეც, რომ განსვენებული ინჟინერი საიქიოდან ეხმარებოდა ცოლს იმ საქმის შესრულებაში, რომლისაც არაფერი გაეგებოდა. არმსტრონგის ამ ტყუილმა ისე განარისხა პროფესორი მათერი, ჟურნალ “Nature”-ში გამოაქვეყნა საგანგებო განცხადება და კორექტულობისაკენ მოუწოდა კაცს. მისი თქმით, სავსებით მცდარი იყო მისი მოსაზრებები. გარდა ამისა, ავტორს შეგნებულად შეჰყავდა შეცდომაში მკითხველი. არმსტრონგი ქსოვს ზღაპრულ ქარგას: „ალბათ, ამ ქალს არასოდეს ჰქონია კარგი სამეცნიერო აღჭურვილობა და არც ძლიერი მენტალური რესურსი; მართალია, შემძლე, ჭკვიანი მშრომელი იყო და სრულფასოვანი სპეციალისტი, მაგრამ არ გააჩნდა არც ფართო თვალსაწიერი, არც გაქანება, არც სიღრმისეული ცოდნა, არც გამჭრიახობა, არც წვდომის უნარი, რომელიც საჭირო იყო იმისათვის, რათა დაუფლებოდა საკვლევ საგანს...“. როგორ მოხდა, რომ ინგლისის სამეფო საზოგადოებამ წუნი ვერ დასდო აირტონის ცოდნასა და უბადლო ექსპერიმენტებს, ვერც საკითხის კონცეპტუალურ, სიღრმისეულ გაგებას, მხოლოდ და მხოლოდ სქესის გამო უთხრა უარი წევრობაზე და არა კომეპტენციისა და „შემოქმედებითი უნარის“ ნაკლებობის გამო? არც კი დაუმალავთ ეს ამბავი. როგორ მოხდა, რომ „კაცის გავლენის“ ბორკილებით დაბმულმა და ხელებშეკრულმა ქალმა კაცის, ჯორჯ დარვინის, მცდარი იდეები დაამხო ქვიშის ჭავლების წარმოშობის შესახებ და თერმოდინამიკაში თქვა თავისი სიტყვა? როგორ მოხდა, რომ „უნარს მოკლებული“ მეცნიერი ქალი აღმოჩნდა მართალი, კაცი კი შეცდა? ამ კითხვებზე პასუხი არა აქვს მისტერ არმსტრონგს. იგი საკუთარ თავს ეწინააღმდეგება, ოქსიმორონების ხლართში ეხვევა და წერს: „მისტერ აირტონი გენიოსი იყო, მაგრამ არ გახლდათ ცოლის მეცნიერული შესაძლებლობებისა და ნიჭის კარგი მსაჯული. მისი თანამშრომელი, პერი კი სოლიდური წევრი გახლდათ დაწესებულებისა“. როგორ და რა ლოგიკით იყო გენიოსი (არმსტრონგის თანახმად) ელექტროინჟინერი, უილიამი, ცუდი მსაჯული სხვა ელექტროინჟინერის მეცნიერული შესაძლებლობებისა და ნიჭისა? არმსტრონგის არათანმიმდევრული მსჯელობა ლირიკულ ბოდვას ემსგავსება. რაც შეეხება მისტერ აირტონის გენიოსობას: მეცნიერმა გარკვევით აღნიშნა, რომ თავად შემძლე და გამჭრიახი მეცნიერი იყო, ჰერთა კი გენიოსი. ესეც რომ არ გავითვალისწინოთ, არმსტრონგის თქმით, ჯონ პერი იყო „დაწესებულების სოლიდური წევრი“ და შესაბამისად, იგი უფრო კარგი მსაჯული გახლდათ ჰერთას შესაძლებლობებისა. კეთილი: ამჯერადაც გაცამტვერდა არმსტრონგის მითი, რამეთუ ჯონ პერი ყოველთვის უმაღლეს შეფასებას აძლევდა ჰერთას, აღიარებდა მის ორიგინალობას, ბრწყინვალე ნიჭს, შესანიშნავ შესაძლებლობებსა და წვდომის ჩინებულ უნარს. სწორედ ამიტომ სთხოვა სამეფო საზოგადოებას პერიმ, წევრად აერჩიათ ჰერთა. მის ამ ნაბიჯს კი ,,უგუნურება და წინდაუხედაობა“ უწოდა არმსტრონგმა. საინტერესოა, რატომ არ იყო უილიამ აირტონი „დაწესებულების სოლიდური წევრი“, ან რას გულისხმობს არმსტრონგი. თუ თვალს გადავავლებთ უილიამის ბიოგრაფიას, ნათელი გახდება, - არმსტრონგი ტყუის: მისტერ აირტონი ინგლისის სამეფო საზოგადოების ,,სოლიდური“ წევრი იყო, ამ დაწესებულების პრესტიჟული ჯილდო, ჰიუზის მედალიც მიიღო და ელექტროინჟინერიის ინსტიტუტის დირექტორიც გახდა 1892 წელს; იყო “City and Guilds of London Institute“-ისა და „ცენტრალური ტექნიკური კოლეჯის“ პროფესორი; ინდოეთის მთავრობამ მიიწვია ერთ-ერთ წამყვან სამეცნიერო დაწესებულებაში და იაპონიის ხელისუფლებამ ინჟინერიის სამეფო კოლეჯის საბუნებისმეტყველო ფილოსოფიისა და ტელეგრაფიის კათედრა გადააბარა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ერთობ მძაფრ ცნობისმოყვარეობას აღძრავს ეს საკითხი: რატომ არ იყო უილიამი ,,სოლიდური წევრი“? არც ამ კითხვაზე არა აქვს პასუხი ღრმად პატივცემულ არმსტრონგს. ჰერთას ქმრის „კარგი მსაჯულობა“ არც არის რელევანტური, რამეთუ იგი ქმრის გარდა, უამრავმა მეცნიერმა, ინჟინერმა, გაერთიანებული სამეფოს საადმირალოს წევრმა, სამხედრო მაღალჩინოსანმა, ჰიდროდინამიკის შესწავლით დაკავებულმა მეცნიერმა, ინგლისის სამეფო საზოგადოების წევრმა, ელექტროინჟინერიის ინსტიტუტში და სხვა რესპექტაბელურ დაწესებულებებში მოღვაწე სწავლულებმა და „მსაჯულებმა“ „განსაჯეს“ და უმაღლესი შეფასება მისცეს (ამასთანავე, ისიც უნდა ითქვას, რომ უამრავი სექსისტური დაბრკოლების გადალახვა მოუხდა, სწორედ არმსტრონგის მსგავსი კაცების გამოისობით). არმსტრონგი წერს: „დასასრულ ვიტყვი: ასეთია ჩემი დასკვნა: მისის აირტონმა ვერასგზის ვერ დასძლია მარად ქალური ბუნება. ჩვენ არც უნდა ვისურვოთ ესოდენ მშვენიერი და ფასდაუდებელი რამის გაქრობა“. რას ნიშნავს „მარად ქალური ბუნების დაძლევა“? როგორც უკვე ითქვა, არმსტრონგის აზრით, მარად ქალური ბუნება ლოგიკური და რაციონალური აზროვნებისაგან შორს დგომას ნიშნავს. ესაა ქალი, რომელსაც მეცნიერული ცოდნა არ გააჩნია და მთლიანად ინტუიციას, ინსტინქტებს, გრძნობებსა და ემოციებს ეყრდნობა. ჰერთას ცხოვრება და მოღვაწეობა სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს. რა დასძლია ჰერთამ? პატრიარქალური სოციუმისაგან ქალებისათვის შექმნილი დაბრკოლებები; დამყაყებული მენტალობა, დრომოჭმული იდეები; გააცამტვერა ქალთმოძულეებისა და სექსისტების რეტროგრადული წარმოდგენები და მითები ქალთა სიჩლუნგისა და სიყეყეჩის შესახებ; ყველას დაუმტკიცა, რომ ქალს უთუოდ შეეძლო, დიდი მეცნიერი გამხდარიყო და ტოლი არ დაედო კაცისთვის; წყალი შეუყენა ფესვგადგმულ მიზოგინიურ მენტალობას. აი, ეს დაასამარა ჰერთამ. ხოლო, ის, რასაც პროფესორი არმსტრონგი „მარად ქალურ ბუნებას“ უწოდებს, არა ქალის ბუნება და „მშვენიერი და ფასდაუდებელი რამ“, არამედ პატრიარქალური აზრებით დამძიმებული გონების მონაჩმახია, რომელსაც ისტორიული რეალობა სპობს. ჩვენ ,,ესოდენ მშვენიერი და ფასდაუდებელი რამის გაქრობა“ კი არა, ზემოხსენებული რეგვენული აზრების გაქრობა-გადაშენება უნდა ვისურვოთ. რატომ „ემშვენიერება“ ასე ძალიან ქალურობის ამგვარი აღქმა არმსტრონგს? აი, ამიტომ: გულწრფელად აღიარებს კიდეც, რომ „მისის აირტონი კარგი ქალი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერული შთაგონების ათინათი დასთამაშებდა“. იგი ერთმანეთს უპირისპირებს „კარგ ქალობას“ და „მეცნიერულ შთაგონებას“ („მიუხედავად იმისა, რომ“), ანუ მისი აზრით, ეს ორი რამ შეუთავსებელია - ქალისთვის შეუფერებელია „მეცნიერული შთაგონება“. სწორედ ამგვარი მენტალობის ბრალია ისიც, ვერაფერი რომ გაუგეს მისის აირტონის გამოგონებას („მარაოს“, სხვაგვარად, „ტკაცუნას“) და განაცხადეს, ქალი ვერ შეძლებდა ისეთი დანადგარის გამოგონებას, ჯარისკაცების სიცოცხლე რომ იხსნასო. მოზეიმე უმეცრების თვალისმომჭრელი ათინათით გაცისკროვნებულმა რამდენიმე ყეყეჩმა ისიც კი იკითხა, როგორ შეიძლება, ფრონტის ხაზზე წასულ კაცებს დაეხმაროს მარაო - ეს სიფრიფანა, უცნაური, ახლართულ-ჩახლართული ხელსაწყო, რომელსაც ქალები ატარებენო?! აღშფოთებულმა პროფესორმა მათერმა საგანგებო განცხადებაში ამხილა არმსტრონგის უტიფარი სიცრუე და თავხედობა: „იგი ამცირებს და აკნინებს მათ ნაშრომ-ნაღვაწსა და შესაძლებლობებს. ჩემი აზრით, მეტისმეტად სამარცხვინო და საძრახისი საქციელია გარდაცვლილ მეგობრებზე ასეთი სტატიების წერა. იმედი მაქვს, სხვები არ მიჰბაძავენ პროფესორ არმსტრონგს. მისი სტატიის წაკითხვის შემდეგ ადამიანი იფიქრებს, რომ მისის აირტონს არ ჰქონია ორიგინალური ხედვა და ქმრის გავლენით შეასრულა მთელი სამეცნიერო სამუშაო. არცერთი ვარაუდი არ არის სწორი. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მისის აირტონმა არაერთი გამოგონება დააპატენტა, სანამ პროფესორ აირტონს შეხვდებოდა. მისი გარდაცვალების შემდეგაც განაგრძო ორიგინალური სამუშაო. ამის წყალობით, დამატებით 8 გამოგონება დააპატენტა 1913-18 წლებში. განსვენებულმა პროფესორმა აირტონმა არაერთხელ მითხრა, რომ როცა მისის აირტონმა ხელი მიჰყო ელექტრული რკალის შესწავლას, თავად განზე გადგა და  ცოლს გადაულოცა ეს საკითხი. ქალი მარტოდმარტო შეუდგა კვლევას, რადგან ერთად რომ ემუშავათ, უთუოდ კაცს მიაწერდნენ მთელ დამსახურებას და ჰერთას ნაშრომ-ნაღვაწს მიაკუთვნებდნენ; რომ თვითონ ეწვეოდა აღიარება მეუღლის ნაცვლად; რომ ყოვლად გაუმართლებელი იქნებოდა მისის აირტონის წვლილის ასე გაქრობა. უილიამ აირტონი სწორედ ამას აღნიშნავდა, როცა ლექციებს უკითხავდა თავის სტუდენტებს ელექტრული რკალის შესახებ. ეჭვგარეშეა, მისი არაერთი შეგირდი დაადასტურებს ამას. სავსებით შესაძლებელია, პროფესორ არმსტრონგს თავად უილიამ აირტონმაც მისცა მსგავსი შენიშვნები“, - წერს პროფესორი მათერი. ძალზე უხვი მემკვიდრეობა დატოვა ელექტროინჟინერიის, ჰიდროდინამიკისა და ფიზიკის ამ გიგანტმა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე აგულიანებდა ქალებს, მეცნიერებას გაჰყოლოდნენ და ტოლი არ დაედოთ კაცებისათვის. დაუდგრომელმა, მებრძოლმა ჰერთამ შთაგონებით აღავსო თავისი სქესის წარმომადგენლები და გაუღო იმ მეცნიერული სამყაროს კარი, დახშული რომ იყო მათთვის. უთუოდ წარუშლელი კვალი დატოვა როგორც მეცნიერებაში, ასევე, ფემინისტური მოძრაობის ისტორიაში. აირტონი მიიჩნევდა, რომ უდიდესი სიბრიყვე და აბსურდი იყო მეცნიერ ქალთა დისკრიმინაცია; რომ ადამიანის სქესს არავითარი კავშირი არ ჰქონდა მის მეცნიერულ შესაძლებლობებთან; რომ „ქალები და მეცნიერება“, როგორც იდეა და ცნება, სრული უაზრობა იყო, რადგან ქალი, ისევე, როგორც კაცი, ან არის კარგი მეცნიერი, ან არა; რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ქალს უნდა მიეცეს შესაძლებლობების გამოვლენის უფლება, მისი ნაშრომ-ნაღვაწი კი უნდა შეაფასონ მეცნიერული თვალსაზრისით და საერთოდ არ უნდა მიაქციონ ყურადღება მის სქესს, თუმცა, სამწუხაროდ, სამეფო საზოგადოებამ სწორედ სქესის საფუძველზე დაიწუნა, რაკი ნაკლი ვერ უპოვა მის ღრმა მეცნიერულ ცოდნასა და ბრწყინვალე ექსპერიმენტებს. აირტონი იდგა იმ პიონერ ქალთა რიგებში, რომელთაც წარმატებით შეაღწიეს იმ სფეროში, სადაც მამაკაცები დომინირებდნენ: იგი აღმოჩნდა ელექტროინჟინერიის ინსტიტუტის ერთადერთი წევრი ქალი 3,300 კაცს შორის. მისთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, ქალთმოძულენი რომ არ აღიარებდნენ მის დამსახურებას და ეგონათ, რაკი ქალი იყო, ვერაფერს გახდებოდა და ვერ შესძლებდა წარმატების მწვერვალების დაპყრობას. ჰერთამ იცოდა და მსოფლიოს დაუმტკიცა კიდეც, რომ ქალს შეეძლო, გამხდარიყო დიდი მეცნიერი. მთელი მისი მოღვაწეობა და ცხოვრება ამის ნათელი მაგალითია. სულაც არაა გასაკვირი, რომ მისის აირტონს ხშირად ადარებენ თავის ლიტერატურულ სეხნიას, ჰერთას - შვედი ფემინისტი მწერლის, ფრედერიკა ბრემერის, რომანის ამბიციურ და მიზანსწრაფულ გმირს. საოცრად ჰგავდა ამ პერსონაჟს: ყველა დასახულ მიზანს მიაღწია, გაწბილებული დატოვა მიზოგინები, აიხდინა ოცნებები და დაიპყრო წარმატების მწვერვალები. მისი უდიდესი სამეცნიერო მემკვიდრეობა დიდი მონაპოვარია სამყაროსთვის. აი, ასეთია მისი ცხოვრება, სიკვდილის შემდეგაც რომ გრძელდება.