„იკვეთება სამოხელეო დანაშაულის ფაქტები" - სახალხო დამცველი ხორავას ქუჩის საქმეზე
სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ხორავას საქმის შესახებ პრესკონფერენცია გამართა. ომბუდსმენის თქმით, მან შეისწავლა ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმე და გამოძიებაში არაერთი ხარვეზი გამოავლინა, რომელთა შედეგადაც საგამოძიებო ორგანოებმა ვერ უზრუნველყვეს დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისი მტკიცებულებების მოპოვება და სასამართლოსთვის წარდგენა.
„სახალხო დამცველის აპარატის შემოწმების შედეგებით იკვეთება რომ სახეზეა სამოხელეო დანაშაულის ერთ-ერთი ან ორივე შემადგენლობა: სამსახურებრივი გულგრილობა, ან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, იმის მიხედვით, სუბიექტური მხარის რა ნიშნები იკვეთება ქმედებათა უკან – განზრახ არაეფექტიანი გამოძიება თუ გაუფრთხილებლობით, არაპროფესიონალური მიდგომა ან/და ზერელე დამოკიდებულება დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესასრულებლად“
ჩვენი მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ სახელმწიფომ ბოლომდე ვერ შეასრულა დაკისრებული პროცედურული ვალდებულება – ჩაეტარებინა ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიება, შეიძლება გახდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით განსაზღვრული სიცოცხლის უფლების ხელყოფის საფუძველი.
საქმის მასალების საფუძვლიანად შესწავლასთან ერთად, სახალხო დამცველმა მოისმინა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ პროკურორთა და გამომძიებელთა დაკითხვები. ჩაუტარებელი ან დაგვიანებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და კომისიის სხდომაზე დაკითხვისას გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ საგამოძიებო ტაქტიკაზე გაცემული პასუხების ერთობლივი ანალიზით სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ გამოძიების ტაქტიკა შესაძლოა არ ემსახურებოდა დამნაშავეთა სრულად გამოვლენის საჯარო ინტერესს.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გამოძიებაზე პასუხისმგებელ პირთა წრის მიერ კომისიის სხდომაზე გაცემული პასუხები არ იყო დასაბუთებული შემდეგ შეკითხვებზე: რატომ არ ჩაატარა, ან რატომ ჩაატარა დაგვიანებით კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები; რატომ არ ჩაატარა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები მთავარი ფიგურანტების მიმართ, რომელიც სხვა პირების და მათ შორის, შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი ფიგურანტების მიმართ ჩაატარა. სახალხო დამცველის აპარატისთვის გაუგებარია კერძოდ რა სტრატეგია და ლეგიტიმური მიზანი განაპირობებდა გამოძიების პასიურობას სხვადასხვა მიმართულებით“,-ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ჩაუტარებელი ან დაგვიანებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ჩამონათვალი:
გამოძიებამ არ ჩაატარა ან დაგვიანებით ჩაატარა ის საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც დამნაშავეთა გამოსავლენად შედარებით და გაცილებით მაღალ ალბათობას შექმნიდა:
„ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახალხო დამცველი წინადადებით მიმართავს საქართველოს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება დანაშაულის ფაქტზე, რომელიც სავარაუდოდ ჩადენილია გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ ცალკეული დამნაშავე პირებისთვის პასუხისმგებლობის არიდების მიზნით ან/და მოვალეობების შესრულების მიმართ გულგრილი დამოკიდებულებით.
საქართველოს მთავარი პროკურატურა ვალდებულია განიხილოს სახალხო დამცველის წინადადება და განხილვის შედეგები სახალხო დამცველს აცნობოს 20 დღის ვადაში,-ნათქვამია გავრცელებულ განხცადებაში.
იხილეთ ვრცლად განცხადება