#იმოქმედე - ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე სპეციალური საიტი ამოქმედდა
იუსტიციის სამინისტრო ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების გააქტიურებისკენ მიმართულ კამპანიას #იმოქმედე აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში თეა წულუკიანმა ახალი საიტის− imoqmede.ge −პრეზენტაცია გამართა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, imoqmede.ge იუსტიციის სამინისტროს საკომუნიკაციო კამპანიის ნაწილია, რომელიც ღონისძიებათა ფართო სპექტრს მოიცავს. კერძოდ, შეხვედრები სასწავლო დაწესებულებებში, უფასო ტრენინგები იუსტიციის სახლებსა და ყველა საზოგადოებრივ ცენტრში ქალთა და მსხვერპლთა უფლებების დაცვისათვის, პოსტერების კონკურსი ძალადობის თემაზე და სხვა.
გვერდზე თავმოყრილია ინფორმაცია, რომელიც მომხმარებელს ძალადობის ფაქტისა და მსხვერპლის ამოცნობაში დაეხმარება. რა არის ძალადობა, ვინ შეიძლება იყოს მისი მსხვერპლი, რა სერვისებს სთავაზობს სახელმწიფო დაზარალებულებს, როგორ დავეხმაროთ ძალადობის მსხვერპლს, ვის მივმართოთ იმ შემთხვევაში, თუკი ძალადობას შევესწარით − ამ კითხვებზე პასუხის მიღება ახალი საიტის მომხმარებლებს შეუძლიათ.
საიტს აქვს ღილაკი − ვუერთდები, რომლითაც ვიზიტორები თავის მხარდაჭერას გამოუცხადებენ კამპანიას. სპეციალური ფორმის საშუალებით შესაძლებელია შეტყობინებისა და მოსაზრების გამოთქმა ან შეკითხვის დასმა საიტის ადმინისტრატორებისათვის. ანონიმური შეტყობინების საშუალებით ნებისმიერ პირს შეუძლია, დატოვოს შეტყობინება ძალადობის კონკრეტული ფაქტების შესახებაც, მითითებულია ცხელი ხაზის ნომერიც, სადაც, ასევე, შესაძლებელია ინფორმაციის დატოვება ძალადობის ფაქტების თაობაზე.
გვერდზე განთავსებულია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, სადაც აღწერილია, თუ რა ცვლილებები განხორციელდა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის და აღკვეთის მიმართულებით; ძალადობის სტატისტიკა, სიახლეები, ვიდეოები და პოსტერები.
სოციალური კამპანიის #იმოქმედე! მიზანია სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებისთის 20-მდე კანონში შესული ცვლილებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების გააქტიურება და სოციალური პასუხისმგებლობის გაღვიძება.