იმუნიტეტის გარეშე დარჩენილი დეპუტატები

 
მაშინ როცა მმართველი გუნდის წარმომადგენლები განმარტავდნენ, რომ იმუნიტეტის შეჩერებაზე თანხმობა არ ნიშნავს ვერდიქტს (მათი გადაწყვეტილება მხოლოდ ხელ-ფეხს უხსნის საგამოძიებო ორგანოს, სრულფასოვნად განახორციელოს ის პროცედურები, რასაც სისხლისსამართლებრივი დევნის დროს ჩვეულებრივი, მოკვდავი ბრალდებულის მიმართ იყენებს ხოლმე), ცალკეულმა დეპუტატებმა მელიასთვის პატიმრობაზე თანხმობის მიცემა უაღრესად არაკოლეგიურ აქტად შეაფასეს. „ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ იმის თაობაზე, რომ დეპუტატს არ აქვს მეტი იმუნიტეტი, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს“, - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, დეპუტატი ემზარ კვიციანი კი აცხადებს, რომ, „მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებისა, მელია მისი კოლეგაა და საკანონმდებლო ორგანოს წევრის დაკავება ისტორიაში ჩაიწერება, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტარებმა თავიანთი კოლეგა გაწირეს“. პროკურატურის მოთხოვნის მხარდაჭერა რომ გარკვეულ უხერხულობას უქმნის პარლამენტართა ნაწილს, მათ შორის უმრავლესობიდანაც, ეს კენჭისყრის შედეგებიდანაც ჩანს. მართველი პარტიის ცალკეული წევრები, გუნდისგან განსხვავებულ პოზიციაზე დადგნენ. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ პროკურატურის მტკიცებულებები "უფრო მაღალი სტანდარტებით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი".  ბიძინა გეგიძემ და მარიამ ჯაშმა სხდომაზე რეგისტრაციის გავლისგან თავი შეიკავეს.“რეგისტრაცია არ გავიარე, რადგან არ მსურდა, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნისთვის დამეჭირა მხარი, მიმაჩნია, რომ ეს პოლიტიკურად წამგებიანი გადაწყვეტილებაა“ - განაცხადა ბიძინა გეგიძემ. რეალურად, რა სახის პრეცედენტები არსებობს საქართველოში დეპუტატთა სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით და როგორია ეს პროცედურა? პარლამენტის დეპუტატს იმუნიტეტი იცავს, რათა განუხრელად განახორციელოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, არ გახდეს პოლიტიკური დევნის მსხვერპლი, ხოლო სამართლებრივი დევნა არ იყოს გამოყენებული ზემოქმედების ინსტრუმენტად. ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში არსებობს არაერთი შემთხვევა, როდესაც დეპუტატებმა კოლეგები საგამოძიებო სტრუქტურების წინაშე სადეპუტატო პრივილეგიის გარეშე დატოვეს: