„ინიციატივა საჯარო სივრცისთვის“: შენობის დემონტაჟი კანონისთვის თავის არიდების შედეგია
არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატივა საჯარო სივრცისთვის“ თბილისში, მელიქიშვილის #10 ნომერში მდებარე ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. აღნიშნულ ადგილას კომპანია m2 მრავალფუნქციურ შენობას აშენებს.
„გთავაზობთ მელიქიშვილის #10-ში მიმდინარე სამუშაოების ფაქტობრივი გარემოებების მცირე სამართლებრივ შეფასებას:
1. მელიქიშვილის #10-ში მდებარე ისტორიული შენობის დემონტაჟი, კომპანია „ემ კვადრატმა” სხვადასხვა დროს, სამჯერ მოითხოვა. მათი განმარტებით, შენობა მნიშვნელოვნად ავარიულია, ხოლო შენობის შენარჩუნებისთვის საჭირო ზომების მიღება გამორიცხავს მისი ავთენტურობის შენარჩუნებას. (განაცხადი: AR1393354 );
2. მერიის „ისტორიულმა საბჭომ” ორჯერ განაცხადა უარი დემონტაჟის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, შენობის ისტორიული მნიშვნელობისა და მისი აღდგენის შეუძლებლობის შესახებ, კომპანიის მიერ წარდგენილი დასკვნის არასანდოობის გამო. (განაცხადების ნომრები: AR1383174 , AR1393354 );
3. გამოსავლის სახით, კომპანიამ შეცვალა დემონტაჟის მოთხოვნა, ახალი მშენებლობის მოთხოვნით. განაცხადა, რომ განხორციელდებოდა მის მიერ წარდგენილი კონსერვაციის პროექტი (რომელიც ამ კონკრეტულ განაცხადს თან არ ახლავს), რაც გააჩენდა, ძველის შენარჩუნებისა და თანამედროვე კომპონენტების დამატების საშუალებას. (განაცხადი AR1421982 ). კომპანიას არ წარმოუდგენია დამატებითი დასაბუთება, რამ გააჩინა შენობის ავთენტურად შენარჩუნების შესაძლებლობა, რაც წინა განცხადებებში მათ მიერ სრულიად გამოირიცხებოდა;
4. მოთხოვნაზე მსჯელობისას საბჭოს წევრთა ხმები გაიყო ორად. თავმჯდომარის ხმა აღმოჩნდა გადამწყვეტი, შესაბამისად, გაიცა დადებითი რეკომენდაცია. (კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს გადაწყვეტილება №2710375 );
5. მიუხედავად ახალ მშენებლობაზე გაცემული დადებითი რეკომენდაციისა, არქიტექტურის სამსახურმა წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ჩათვალა, რომ კომპანია ახორციელებდა დემონტაჟს, რაც კანონმდებლობით საჭიროებს ნებართვის მიღებას. სამსახურმა კომპანიას სხვა მოთხოვნებთან ერთად დემონტაჟის ნებართვის წარმოდგენა დაავალა (არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილება # № 2732284 )
6. მოთხოვნის საპასუხოდ, „ემ კვადრატმა” არქიტექტურის სამსახურს აუხსნა, რომ საბჭოს თანხმობა დემონტაჟზეც ვრცელდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საბჭომ კანონის შესაბამისად არ გამოიკვლია „ემ კვადრატის” მოთხოვნებსა და მის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში გამოვლენილი არა ერთი წინააღმდეგობა, რაც საშუალებას არ მისცემდა კომპანიას სპეკულირება განეხორციელებინა საბჭოს მსჯელობის საგანთან დაკავშირებით, საბჭოს სხდომის ოქმში ცხადადაა მითითებული, რომ თანხმობა გაცემულია შენობის შენარჩუნებაზე, მოწონებულია კონსერვაციის მეთოდოლოგია. (განაცხადის ნომერი AR1450032 );
7. არქიტექტურის სამსახურმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მოხსნა დემონტაჟის ნებართვის მოთხოვნა და გასცა მშენებლობის ნებართვა.