„ინტერვVIEW“ და „წითელი ზონა“ საზოგადოებრივ მაუწყებელზე აღარ გავა
საზოგადოებრივ მაუწყებელზე ივლისის შუა რიცხვებიდან მაუწყებლისა და რადიო „თავისუფლების"ერთობლივი სატელევიზიო პროექტები „წითელი ზონა“ და სალომე ასათიანის „ინტერვიუ“ აღარ გავა. ამის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს“ სალომე ასათიანმა დაუდასტურა.
მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ „რადიო თავისუფლებას“ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წერილობით მიმართეს, მიზეზად კი არხის რეორგანიზაცია დაასახელეს.
7 მარტს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საბჭომ მაუწყებლის დებულებაში ცვლილებების პროექტს დაუჭირა მხარი. ამავე სხდომაზე, სადაც დებულებაში ცვლილებები განიხილეს, ცნობილი გახდა „მაუწყებლის“ მენეჯმენტის სამოქმედო გეგმაც. წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის 17 ივლისამდე არცერთი გადაცემა არ დაიხურება. ახალი სეზონისთვის კი გადაცემების შერჩევა კონკურსის გზით მოხდება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სეზონისთვის გადაცემების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის მესამე ტურში 15 პროექტი გადავიდა. მესამე ეტაპზე გადასულმა კანდიდატებმა კომისიის წევრებს უნდა წარუდგინონ გადაცემის საპილოტე ვერსია, ივნისის შუა რიცხვებში კი საუკეთესო პროექტები გამოვლინდება.