იოჰანეს ჰანი: მომავალ კვირას ბაქოს ვესტუმრები, სადაც აფგან მუხთარლის საკითხსაც განვიხილავ
ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოში გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე აცხადებს, რომ ბაქოს მომავალ კვირას ესტუმრება, სადაც ამ საკითხსაც განიხილავს.
ჰანმა ბრიუსელში „მოამბის" შეკითხვას უპასუხა:
„რა თქმა უნდა, ვიცი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოდან გაუჩინარების შესახებ. ველოდები და დამიდასტურეს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყურადღებით გამოიძიებს ამ საქმეს. ეს არის ის მინიმუმი, რასაც შეიძლება, ველოდეთ. დიდი ინტერესით ველოდები შედეგებს. კვირის ბოლოს ვესტუმრები ბაქოს და აზერბაიჯანში ყოფნისას ამ საკითხსაც განვიხილავ" - ამბობს ჰანი.
15 ივნისს ევროპარლამენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე იმსჯელებს. „აფგან მუხთარლის საქმეზე და მედიის მდგომარეობა აზერბაიჯანში" - ამ სათაურით საკითხი ევროპარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი.
დეპუტატები მუხთარლის საქმეზე დებატებს გამართავენ და რეზოლუციის პროექტს უყრიან კენჭს.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც თბილისში 2015 წლიდან ცხოვრობს, ამბობს, რომ 24 მაისს თბილისიდან გაიტაცეს, მეორე დღეს კი აზერბაიჯანში დააკავეს.
აფგანის თქმით, მას საღამოს საათებში თბილისში ჭონქაძის ქუჩაზე დახვდა სამი პირი, მათგან ორი სამართალდამცავის ფორმაში იყო ჩაცმული. გამტაცებლებმა თავზე ტომარა ჩამოაცვეს, ასევე მიაყენეს ფიზიკური შერაცხყოფა.
აზერბაიჯანის სასამართლომ მუხთარლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
აზერბაიჯანის პროკურატურამ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით წაუყენა ბრალი.
საქართველოს შსს მუხთარლის საქმეს თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით იძიებს.