ირაკლი კობახიძე და ეკა ბესელია პატრიარქს შეხვდნენ

 
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლის კობახიძე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პატრიარქს შეხვდნენ. როგორც პატრიარქის მდივანმა, მიქაელ ბოტკოველმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შეხვედრა 20 წუთი გაგრძელდა და მათ პატრიარქს გააცნეს საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი. ამასთან ისაუბრეს კონსტიტუციურ მონარქიაზეც. მისი თქმით, სამომავლოდ ხელისუფლებამ განიზრახა, კონსტიტუციური მონარქიის თემა საზოგადოების ფართო მასების მსჯელობის საკითხი გახდეს.  „პარლამენტის თავმჯდომარემ და ქალბატონმა ეკამ მისი უწმინდესობა საქმის კურსში ჩააყენეს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. მათ შორის საუბარი შეეხო კონსტიტუციური მონარქიის საკითხსაც. უწმინდესს გააცნეს ის განზრახვა, რომელიც სახელმწიფოს აქვს კონსტიტუციის ცვლილებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, დეტალური საუბარი არ ყოფილა. სულ 20 წუთს გაგრძელდა და იქ გაიჟღერა თემამ კონსტიტუციური მონარქიის იდეასთან დაკავშირებითაც, რომელიც, ხელისუფლებას აქვს განზრახვა, სამომავლოდ საზოგადოების ფართო მასების მსჯელობის საგნად აქციოს. პატრიარქის პოზიცია იყო ის, რაზეც გუშინ ისაუბრა საკვირაო ქადაგებაში, რომ იმედით უყურებს მონარქიის თემას და ფიქრობს, რომ ის სახელმწიფოებრიობის ისტორიაში განსაკუთრებულ როლს შეიტანს, თუ, რა თქმა უნდა, ეს იდეა საზოგადოებისთვის მისაღები გახდება. ეს იყო ძალიან ზოგადი შეხვედრა და ზოგადი საუბარი“, - განაცხადა დეკანოზმა მიქაელმა. კონსტიტუციური მონარქიის შესახებ პატრიარქმა 13 ივნისს, საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა. მისი თქმით, კონსტიტუციიურ მონარქიას ქვეყანაში სიმშვიდე შეამოაქვს. „საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ გვეფიქრა იმაზე, თუ ვინ ვიყავით წარსულში, ვინ ვართ დღეს და ხვალ ვინ ვიქნებით. იქნებ გვეფიქრა იმაზე, რომ საქართველო არის უძველესი მონარქიული ქვეყანა. მას მეფე მართავდა და დღესაც ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია და მას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყნაში. ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ვერ მოხდება“, - განაცხადა ილია მეორემ.