ირმა ინაშვილი პრემიერს გადადგომას ურჩევს

 
„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი პრემიერ-მინისტრს გადადგომას ურჩევს. როგორც ინაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებების უკან უშუალოდ გიორგი კვირიკაშვილი იდგა და მთელი პროცესი სწორედ მისი დირექტივით მიმდინარეობდა. ამასთან, ის უჭერდა მხარს ე.წ. ბონუს სისტემასაც.  „ყველამ ვიცით, რომ ხელისუფლება ღიად ცდილობდა საპარლამენტო მანდატების მიტაცების დაკანონებას. ამას ვაპროტესტებდით ჩვენ და ამას აპროტესტებდა მთელი პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება. ევროსტრუქტურებმაც მკაფიოდ თქვეს, რომ ეს არ არის დემოკრატია. ეს არის უსამართლობა. ამ ვითარებაში  ხელისუფლებას ზნეობრივი გადაწყვეტილებაუნდა მიეღო და ჩვენი სამართლიანი მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა. ამის ნაცვლად მან ხალხი მოატყუა და დღეს შერეულ საარჩევნო სისტემას გვთავაზობს.  გამოდის, რომ კონსტიტუტიციის საჯარო განხილვის პროცესი ტყუილი და სპექტაკლი იყო“,- განაცხადა ინაშვილმა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილს დემოკრატიის ფასი არ ესმის და ის, თავის თანამოაზრეებთან ერთად, ხელისუფლების უზურპაციას აახორციელებენ. ის პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან წასვლას ურჩევს და დახმარებას ბიძინა ივანიშვილს სთხოვს, როგორც „საქართველოს ყველაზე გავლენიან მოქალაქეს და ხელისუფლების ყველაზე გავლენიან წარმომადგენელს“.  „გიორგი კვირიკაშვილს ვაძლევ რჩევას, დატოვოს თანამდებობა. მისი პრემიერობისას ქვეყნის და ხალხისთვის სასიკეთო ძვრები არათუ არა მომხდარა, არამედ გაღატაკდა მოსახლეობა. უსამართლოდ უხსნიან დახმარებას  ისედაც ღარიბ ადამიანებს, გაიზარდა უმუშევართა რიცხვი, ბევრი ადამიანი დარჩა უსახლკაროდ, არავის ესმის ხალხის ხმა და ტკივილი. არც იპოთეკარების და არც საფინანსო კომპანიების უკანონო ქმდებების შედეგად დაზარალებულების, არც პენსიონრების, არც მრავალშვილიანი ოჯახების, არც ომის ვეტერანების და არც დევნილთა პრობლემების გადაჭრაზე რეალურად არავინ ზრუნავს. ხალხი ცალკეა, ხელისუფლება სხვაგან არის“. ირმა ინაშვილის ინფორმაციით, მისი ფრაქცია ბოიკოტს უცხადებს  საპარლამენტო განხილვას და საქმინობას ორი მიმართულებით აგრძელებს - მუშაობენ ევროსტრუქტურებთან და იწყებენ მზადებას საპროტესტო აქციებისთვის. „დღეს აშშ-ს ელჩს შევხვდი, ქვეყანაში  მიმდინარე პროცესებზე ვისაუბრეთ. მე საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვესაუბრე, კონსესუსის არარსებობაზე და ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისზე, ჯერ პარლამენტის დონეზე. ელჩის განცხადებით, ის და ევროკავშირის ელჩი  მუდმივად ესაუბრებობდნენ და ესაუბრებიან ხელისუფლებას, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ოპოზიციის მხრიდან არ იქნება მხარდაჭერილი, მას საერთაშორისო მხარდაჭერა აღარ ექნება“.