isis-მა ის მეჩეთი ააფეთქა, საიდანაც 3 წლის წინ ხალიფატის შექმნის შესახებ გამოაცხადა

 
როგორც ოფიციალური ბაღდადი იტყობინება, "ისლამურმა სახელმწიფომ" კიდევ ერთი ისტორიული ძეგლი, ან-ნურის მეჩეთი, მინარეთიანად გაანადგურა. სწორედ ან-ნურის მეჩეთში 2014 წელს ისლამური სახელმწიფოს ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ ხალიფატის შექმნის შესახებ განაცხადა. ტერორისტულმა ორგანიზაციამ მეთორმეტე საუკუნეში აგებული მინარეთიც იმსხვერპლა. მოგვიანებით ისლამური სახელმწიფოს ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისტორიული ნაგებობა აშშ-ის საჰაერო დარტყმების შედეგად განადგურდა, თუმცა ანტიტერორისტულმა კოალიციამ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. ერაყის სამხედრო ძალების მეთაურის თქმით, ისტორიული ძეგლი ისლამური სახელმწიფოს ვანდალური ქმედების შედეგად განადგურდა.