იტალიის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე და პოპულისტი პარტიები ლიდერობენ

 
წინასწარი მონაცემებით, იტალიის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე და პოპულისტი პარტიები ლიდერობენ. BBC-ის ინფორმაციით, ხმათა უდიდესი ნაწილი ევროსკეპტიკოსმა „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობამ" მიიღო. თუმცა, მოსალოდნელია, რომ ყოფილი პრემიერის, სილვიო ბერლუსკონის მემარჯვენე კოალიცია, რომელშიც ულტრამემარჯვენე ლიგა შედის, პარლამენტის ქვედა პალატაში ყველაზე მეტი ადგილის მოპოვებსა შეძლებს.  BBC-ის ინფორმაციით, მთავრობის ფორმირებისთვის შესაძლოა მოლაპარაკებები რამდენიმე კვირა გაგრძელდეს.  წინასწარი შედეგებით, „ხუთ ვარსკვლავს" ხმათა 31,6% აქვს, „ლიგას" 18,2%, სილვიო ბერლუსკონის „წინ, იტალიას" კი 13,8%. მატეო რენზის მმართველმა პარტიამ „დემოკრატებმა" მხოლოდ 19,1% მიიღეს, რაც გამოცემა La Repubblica-ს ინფორმაციით, პარტიისთვის ფსიქოლოგიური დარტყმაა. რაზე მიუთითებს წინასწარი შედეგები? იტალიური გაზეთის Il Fatto Quotidiano-ის მთავარი გვერდის სათაური მკითხველს აუწყებს, რომ „ყველაფერი შეიცვლება". წინასწარი შედეგებით, მართვის სადავეებს რამდენიმე პარტია გადაინაწილებს, თუმცა პოპულისტების ლიდერობის კვალდაკვალ არჩევნების შედეგებს „ბრექსითსა" და აშშ-ში დონალდ ტრამპის გამარჯვებას ადარებენ.  მოსალოდნელია, რომ ბერლუსკონის კოალიცია 268-მდე ადგილს მიიღებს, უმრავლესობის მოსაპოვებლად კი 316 ადგილია საჭირო.