იურიდიულმა კომიტეტმა გენდერული კვოტირების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ნანა ყეინიშვილის ინიციატივას, პარლამენტის პროპორციულ სიაში გენდერული კვოტირების შესახებ მხარი არ დაუჭირა.
რეგლამენტის მიხედვით, საკითხი კენჭისყრაზე თავდაპირველად ასეთი ფორმულირებით გავიდა:
ვინ იყო მომხრე, რომ კანონპროექტი პარლამენტისთვის წარსადგენად საკმარისად მომზადებულად მიჩნეულიყო, პრინციპების დონეზე.
ამ ფორმულირებით დასმულ საკითხს დეპუტატებიდან 4 მომხრე ჰყავდა, ხოლო 4-მა თავი შეიკავა.
მეორე ჯერზე საკითხი კენჭისყრაზე ასე გაიტანეს - ვინ იყო მომხრე, რომ არასაკმარისად მომზადებულად მიჩნეულიყო კანონპროექტი, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა დაბრუნებოდა ავტორებს უკეთესად მოსამზადებლად. აღნიშნული ფორმულირებით დასმულ საკითხს არც ერთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
მესამედ კი კანონპროექტი კენჭისყრაზე ასე დადგა - ვინ იყო მომხრე, რომ კანონპროექტი უარყოფილი ყოფილიყო კომიტეტის მიერ. ამგვარად დასმულ საკითხსაც არავინ დაუჭირა მხარი.
შედეგად კი გამოვიდა, რომ იურიდიულმა კომიტეტმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.
კანონპროექტის აღნიშნული ვერსიის ერთ-ერთი მოწინააღმდეგის, ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების" თავმჯდომარის, გიგა ბუკიას თქმით, იგი ემხრობა პრინციპს, რომ ქალები აქტიურად იყვნენ წარმოდგენილნი პარლამენტში, თუმცა კანონის დონეზე ამ საკითხის განხილვას საჭიროდ არ მიიჩნევს. ბუკია ამბობს, რომ თითოეულმა პარტიამ საკუთარი წესდებით უნდა დაარეგულირონ ეს საკითხი.
„შემოტანილი კანონპროექტი არც იურიდიულად, არც პროცესუალურად გამართული არ არის. ჩვენი ინიციატივაა, თვითონ პარტიებმა აიღონ პასუხისმგებლობა და თავიანთ წესდებაში გაწერონ, თუ როგორი უნდა იყოს მათი წარმომადგენლობა პარლამენტსა თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ვინაიდან მოსახლეობას ცალ-ცალკე ეცოდინება პარტიების დამოკიდებულება ამ საკითხზე და არა კანონით სავალდებულო ქცევა. ამომრჩეველი ასე უფრო მკაფიოდ დაინახავს პარტიათა შორის სხვაობას, თუ ვინ არის რეალურად გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი და ვინ არის მხოლოდ კანონმორჩილი“, - ამბობს ბუკია.
ნანა ყეინიშვილის საკანონმდებლო ინიციატივით, საპარლამენტო არჩევნებში წარსადგენ პროპორციულ საარჩევნო სიაში, გენდერული ბალანსის დაცვის მიზნით, ყოველ მომდევნო სამ კანდიდატს შორის ერთი მაინც, განსხვავებული სქესის კანდიდატი უნდა იყოს. ეს კი, ინიციატორთა აზრით, საქართველოს პარლამენტში სულ მცირე 23 განსხვავებული სქესის პარლამენტარის არჩევას უზრუნველყოფს.
ამასთან, „საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებებით, გენდერული პრინციპის დაცვა გათვალისწინებულია პარლამენტის გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლით შეცვლისას. კერძოდ, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, თუ პარლამენტის გამოკლებული წევრი პარტიული სიით იყო არჩეული, მის ადგილს პარლამენტში იმავე სიაში რიგით მომდევნო კანდიდატი იკავებს. პარლამენტში ინიცირებული პროექტით, თუკი რიგით მომდევნო კანდიდატი პარლამენტის წევრობაზე უარს ამბობს, ასეთ შემთხვევაში, ვაკანტურ ადგილს სიაში მომდევნო იმავე სქესის პარლამენტის წევრობის კანდიდატი იკავებს.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საკრებულოებში პროპორციული წესით ასარჩევ ქალთა რაოდენობის გაზრდას.
იურიდიულმა კომიტეტმა, ასევე არ დაუჭირა მხარი „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის“ მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებას, გენდერული კვოტირების შესახებ. წინადადების მიხედვით, პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო რეგისტრაციისთვის სიების შედგენისას სავალდებულო გენდერული კვოტა უნდა დაიცვან და სიის ყოველ მეორე წევრად ქალი უნდა დაასახელონ. საბოლოოდ, პარლამენტში ქალთა 25%-იანი წარმომადგენლობა იქნება, 150 დეპუტატიდან - 38 ქალი.