იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევერები მოსამართლეთა 20 ვაკანსიის 6-მდე შემცირებას მოითხოვენ

 
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანი დოლიძე მიიჩნევენ, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესში მათი მხრიდან კომპრომისი დაუშვებელია და კვლავ რადიკალურ მოთხოვნებს აყენებენ. როგორც მათ პარლამენტში, დეპუტატთა ჯგუფთან შეხვედრაზე აღნიშნეს, სასწრაფოდ უნდა შეწყდეს კონკურსი და 20 მოსამართლის ვაკანსია მაქსიმუმ ექვსამდე უნდა შემცირდეს. როგორც ნაზი ჯანეზაშვილმა „ლიბერალთან“ საუბრისას აღნიშნა, დაუშვებელია დღეს მოქმედ, კომპრომეტირებულ იუსტიციის საბჭოს, ასევე ამ მოწვევის პარლამენტს უზენაესი სასამართლოს სრული შემადგენლობის დაკომპლექტების საშუალება მისცე. დღეის მდგომარეობით, უზენაეს სასამართლოს 28 მოსამართლის ადგილიდან 20 ვაკანტურია. ჯანეზაშვილის შეფასებით, უმაღლეს ინსტანციაში განსახილველ საქმეთა თვალსაზრისით შექმნილი პრობლემის გადასაწყვეტად, ამ ეტაპზე 5-6 მოსამართლის დამატება იქნება საკმარისი. ხოლო მოსამართლეთა სრულიად დაკომპლექტება მომდევნო მოწვევის პარლამენტს უნდა მივანდოთ. „დიახ, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, თუმცა შექმნილი კრიზისის გათვალისწინებით ეს გამართლებული გადაწყვეტილება იქნება“ - აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა. „ბოლო თვეების განმავლობაში მივუთითებდით დარღვევებზე, რასაც ჩვენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიტატების შერჩევის პროცესში ვხედავდით. ისეთი ხარისხის დარღვევები დაგროვდა, რაც პროცესის წინ წასვლას შეუძლებელს ხდის. გარდა იმისა, რომ არსებობს სავარაუდო გარიგება მოსამართლე წევრებს შორის, იუსტიციის საბჭო, ფაქტობრივად, ნათლობას დაემსგავსა, რადგან პროცესში რამდენიმე ადამიანის ნათესავი იღებს მონაწილეობას. ამ პროცესის შედეგად არჩეული ადამიანები უზენაესს სასამართლოს ვერ გააძლიერებენ - პირიქით, მხოლოდ რეპუტაციულ დამღას მიიტანენ იქ“, - განაცხადა ანა დოლიძემ.