ივანიშვილი: „ქართული ოცნება" სიით 48-54%-ს მიიღებს, ასევე 60-70 მაჟორიტარს გაიყვანს
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ პროპორციულ არჩევნებში „ქართული ოცნება" 48-54%-ს მიიღებს, ხოლო მაჟორიტარულში კი - 60-70 კანდიდატს გაიყვანს, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
„პარტიული სიით, ვფიქრობ, რომ 48-დან 54%-მდე დიაპაზონში „ქართული ოცნება” მიიღებს. მინუმუმ 48 და მაქსიმუმ 54 - მე ასე წარმომიდგენია. ასევე მაჟორიტარიულ არჩევნებში, „ქართულმა ოცნებამ" მინუმუმ 60 მაქსიმუმ 70 მაჟორიტარი უნდა გაიყვანოს . ვიღაცები ამბობენ, რომ მაჟორიტარების ხარჯზე უნდათ გასვლაო. პარტია არის აბსოლუტურად დომინანტი, დიდი უპირატესობით უგებს ყველაზე ახლოში მყოფ, მიმდევარს“, - განაცხადა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა მეორე ტურების დანიშვნის შესაძლებლობაზეც ისაუბრა.
„მეორე ტურები იქნება და იქნება იმ მიზეზით, რომ თუ დააკვირდებით, არჩევნებში მონაწილეობას მაჟორიტარების უპრეცედენტო რაოდენობა ღებულობს. რეგიონში - 8-9 კანდიდატი იღებს მონაწილეობას, შესაბამისად, გასაგებია, რომ ისინი იმ რეგიონიდან, იმ ოლქიდან არიან, ხალხი იცნობს, ხმები გადანაწილდება და რთული იქნება, რომ პირველ ტურშივე 50% მოაგროვო. ძველი ბარიერი (30%) რომ დაგვეტოვებინა, პირველ ტურშივე გაირკვეოდა გასარკვევი. ეს არის მიზეზი მეორე ტურების. მეორე ტურებს რაღაც ტრაგიკულად ხატავენ, რომ აი, თითონვე აღიარაო. ამ აღიარებაში არის სწორედ დემოკრატიულობა და ძალიან კარგია, რომ ეს ასე იქნება”, - განაცხადა ივანიშვილმა.