ჯოელ კოენის „მაკბეტი“ ეკრანებზე შემოდგომაზე გამოვა

 
ძმები კოენებიდან ერთ-ერთმა, პირველად გადაიღო ფილმი ძმის მონაწილეობის გარეშე. „მაკბეტი“ კინოგაქირავებაში შემოდგომაზე გამოვა. მასში მთავარ როლებს მსახიობები დენზელ ვაშინგტონი და ფრენსის მაკდორმანდი (ჯოელ კოენის მეუღლე) ასრულებენ. ჯერჯერობით მაყურებლისთვის შავ-თეთრი ფილმიდან მხოლოდ ერთი კადრია ხელმისაწვდომი.    „მაკბეტის“ გადაღებების შესახებ ცნობილი 2019 წელს გახდა. მაშინვე ითქვა, რომ ჯოელ კოენი ფილმზე ძმის მონაწილეობის გარეშე იმუშავებდა. იმავე წელს იტან კოენმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კინოსგან დასვენებას აპირებს - მაშინ ის პიესაზე „A Play Is a Poem“ მუშაობდა (კოენის პიესების მიხედვით სპექტაკლებს 2008 წლიდან დგამენ). ივლისის ბოლოს, ძმები კოენების ახლო მეგობარმა და მათი ფილმების მუდმივმა კომპოზიტორმა, კარტერ ბერუელმა, პოდკასტ Score-ს უამბო, რომ რეჟისორების დუეტმა შესაძლოა ერთობლივი ფილმი აღარ გადაიღოს. ბერუელის თქმით, იტანი კინომ დაღალა.  თავად კოენები ბერუელის ინტერვიუს არ გამოხმაურებიან. ბოლოს ძმებმა ერთად გადაიღეს ფილმი „The Ballad of Buster Scruggs“ (2018), რომელიც Netflix-ზე გამოვიდა და „ოსკარის“ სამ ნომინაციაზე იყო წარდგენილი. ძმები 1984 წლიდან ერთად მუშაობენ და ოთხი „ოსკარი“ აქვთ მიღებული - ერთი „ფარგოს“ სცენარისათვის (1997) და კიდევ სამი (საუკეთესო ფილმი, რეჟისორი და სცენარი) - ფილმისათვის „No Country for Old Men“ (2008).