კაჭკაჭიშვილი ე.წ. ოდეერებზე: სახელმწიფო ცდილობს თსუ თავის ჭკუაზე მოიყვანოს
"როგორც ჩანს, სტუდენტური თვითმმართველობის წინაშე დგას პრობლემა და ის აუცილებლად უნდა ვაღიაროთ, რადგან ამაზე სტუდენტები თავად საუბრობენ, ეს არის არაფორმალური თუ უკანა კარიდან შემოსული ლობირება თვითმმართველობის. რამდენადაც ვიცი, ეს პროტესტი სწორედ ამ საკითხით აგორდა", - ამის შესახებ გადაცემა "რეალური სივრცის" ეთერში თსუ-ს სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა იაგო კაჭკაჭიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ის რაც უნვერსიტეტს ავტონომიურობის თვალსაზრისით ხელს უშლის, ეს ე.წ. ოდეერის ინსტიტუტია. მისი შეფასებით, უნივერსიტეტი კვლავ დგას ამ პრობლლემის წინაშე.
"როდესაც უნივერსიტეტის რექტორი და სტუდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი ამას ადასტურებს, ეს გასათვალისწინებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელწმიფო, უსაფრთხოების სამსახური ვერ ელევა უნივერსიტეტის ავტონომიურობის დაჩაგვრას და ცდილობს, რამდენადაც შეუძლია, უნივერსიტეტი თავის ჭკუაზე მოიყვანოს".
იაგო კაჭკაჭიშვილის შეფასებით, ამ შემთხვევაში ვითარება მარტივი არაა, რადგან უნივერსიტეტს უსაფრთხოების სამსახურისთვის მათი წარმოამდგენლის უნივერსიტეტში მივლინების შესახებ არ მიუმართავს. ამიტომ ფორმალურად ეს სრულიად არაკანონიერი და არალეგიტიმურია.
"დღეს უსაფრთხოების სამსახური შარშია გახვეული. მას უწევს, დაადასტუროს მისი წარმომადგენლის არალეგალურად ყოფნა უნივერსიტეტში. ეს მას უხერხულობას უქმნის, რაც მას წინა წლებში არ ჰქონია".