კალაძის თქმით, ხმების 75% დათვლილია და ლადო კახაძემ 62,5% მიიღო

 
თბილისის მერი და „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე მადლობას უხდის  ყველა იმ ადამიანს, ვინც მთაწმინდის ოლქში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო.  კახა კალაძის მონაცემებით, დათვლილია  ხმების 75% და აქედან 62,5% ლადო კახაძემ მიიღო, 37,5% - შალვა შავგულიძემ. „კიდევ ერთხელ,  ბატონ ლადოს დამაჯერებელი გამარჯვება მინდა მივულოცო. ძალიან დიდია სხვაობა და ჩვენ ვვარაუდობთ რომ ეს ციფრი კიდევ გაიზრდება. ეს არის მთაწმინდის მოსახლეობის პასუხი იმ ადამიანებზე, ვინც ძირითადად ცდილობდა სიცრუეზე დაფუძნებული კამპანია ეწარმოებინა. ძალიან მიხარია, რომ დღეს ადამიანები  ძალიან კარგად აფასებენ და ხედავენ რეალურ სიტუაციას. კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის და ჩვენ ჩვენის მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის,  რომ თქვენი იმედები გავამართლოთ და ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას , რომელიც დღეს აწუხებს მთაწმინდას, აწუხებს თბილისს და აწუხებს საქართველოს", - აცხადებს კალაძე.