კანონპროექტით, არასამუშაო დროს ადმინისტრაციული დაკავების ვადა 48 საათამდე განისაზღვრება
საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით, პირი, რომლის დაკავების ვადა ემთხვევა არასამუშაო დროს, შეიძლება მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში არაუმეტეს 48 საათის განმავლობაში.
მთავრობის ინიციატივით, ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლში. ამ მუხლის დღეს მოქმედი რედაქციით, არასამუშაო დროს პირის დაკავების შემთხვევაში არაა დაკონკრეტებული დაკავების მაქსიმალური ხანგრძლივობა.
„პრაქტიკაში პრობლემურია ადმინისტრაციული დაკავების ვადების გამოთვლა, როდესაც პირს აკავებენ არასამუშაო დროს. მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლი მკაფიოდ არ განსაზღვრავს მაქსიმალურ ვადებს პირის არასამუშაო დროს დაკავებისას, რაც არაერთ შემთხვევაში წარმოადგენს არაერთგვაროვანი პრაქტიკისა და განმარტების საფუძველს“, - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადდა. მას პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი, 86 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ დროის დაკონკრეტებამ შესაძლოა, მართლაც აღმოფხვრას ვადის გამოთვლასთან დაკავშირებული სირთულეები, თუმცა, წარდგენილი ცვლილებებით კვლავ შენარჩუნებულია სამუშაო და არასამუშაო დროს დაკავების განსხვავებული ვადები, რასაც არ აქვს შესაბამისი ლეგიტიმური მიზანი. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს ადმინისტრაციული დაკავების, როგორც კონსტიტუციით გარანტირებულ თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევის კანონიერების შემოწმების ეფექტიანი მექანიზმი (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას არ ხდება ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების შემოწმება), ვფიქრობთ, ადმინისტრაციული დაკავების არსებული ფორმით შენარჩუნება გაუმართლებელია.
„საია მიიჩნევს, რომ ყოველი მცდელობა, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ფრაგმენტულ შესწორებას ისახავს მიზნად, არის ფუჭი და ვერ უზრუნველყოფს მის გარდაქმნას იმგვარად, რომ სრულად აღმოიფხვრას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის არაკონსტიტუციური გამოყენება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, დროულად განხორციელდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის რეფორმა და გადაიხედოს არამხოლოდ ადმინისტრაციული დაკავების მარეგულირებელი ნორმები, არამედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობა სრულად.
საია მიმართავს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, დააჩქარონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის რეფორმა, რადგან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არსებული ფორმით მოქმედება იწვევს ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას", - ნათქვამია საიას განცხადებაში.