ხადიჯა ისმაილოვა: აფგან მუხთარლის ადვოკატთან შეხვედრის შესაძლებლობას არ აძლევენ
აფგან მუხთარლის ადვოკატთან შეხვედრის შესაძლებლობას არ აძლევენ - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა ავრცელებს.
„თითქოს სხვა ქვეყნიდან გატაცება, ქვეყანაში შეპარება, ჯიბეში ფულის ჩადება, ცემა, თავზე ტომრის ჩამოფარება, გამოგონილი ბრალდებები არ იყო საკმარისი - ახლა აფგან მუხთარლის თავის ადვოკატთან შეხვედრის შესაძლებლობაც წაართვეს. აზერბაიჯანის მთავრობა ვერ ძღება სერთაშორისო კონვენციების დარღვევით. ახალ შესაძლებლობებს ეძებს, რომ კონვენციის მეტი მუხლი დაარღვიოს" - წერს ჟურნალისტი.
რამდენიმე დღის წინ მუხთარლის აზებაიჯანელმა ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფთან არც „წითელი ჯვარი" შეუშვეს.
აფგან მუხთარლი, რომელიც საქართველოში გაუჩინარდა, ამჟამად ბაქოშია დაკავებული. მისი თქმით, თბილისიდან მის გატაცებაში ქართული სპეცსამსახურებიც მონაწილეობდნენ.
ადვოკატების თქმით, ჟურნალისტი ნაცემია და მას სავარაუდოდ ნეკნი აქვს გატეხილი.
საქართველოს შსს გამოძიებას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით აწარმოებს.
მუხთარლის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
აზერბაიჯანის პროკურატურამ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ბრალი სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით წაუყენა.