ხადიჯა ისმაილოვა: საქართველოს საზღვართან აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დააკავეს

 
„რადიო თავისუფლების" ყოფილი პროდიუსერი, შტატგარეშე აზერბაიჯანელი ჟურნალისტი კამრან მაჰმუდოვი საქართველოს საზღვართან დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა ავრცელებს.  ისმაილოვას თქმით, მაჰმუდოვი საქართველოში ბრუნდებოდა, როცა იგი სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დააკავეს და უთხრეს, რომ მას პოლიცია ეძებდა.  „ჩვენ ერთად ვმუშაობდით რამდენიმე წლის განმავლობაში „რადიო თავისუფლების" რადიო გადაცემაზე After Work, მე წამყვანი ვიყავი, ის - პროდიუსერი. „რადიო თავისუფლების" ბაქოს ოფისის დახურვის შემდეგ კამრანი სხვადასხვა გადაცემებს უძღვებოდა სხვადასხვა პლატფორმებზე, რომლებიც მიმდინარე საკითხებს ეხებოდა. იგი თამამი ჟურნალისტია. მისი დაკავებისთვის სხვა მიზეზი არ არსებობს" - ამბობს ხადიჯა ისმაილოვა.