ხადიჯა ისმაილოვას გახანგრძლივებული აპელაცია
ცილისწამებაში, გადასახადებისთვის თავის არიდებაში, არალეგალურ ბიზნესსაქმიანობასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში მსჯავრდებული ჟურნალისტის პროცესი სააპელაციო სასამართლოში 3 საათისთვის იყო ჩანიშნული. დასწრების მსურველები შენობის შესასვლელთან იკრიბებიან. ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლოსგან განსხვავებით აქ შიგნით შესასვლელად ფიზიკური "ბრძოლა" არ გიწევს.
პროცესისთვის გამოყოფილი დარბაზი მალე ივსება. გრძელ სკამებს ისმაილოვას ოჯახის წევრები, ჟურნალისტები, ადგილობრივი იურისტები, აქტივისტები და ამერიკის, საფრანგეთისა და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები იკავებენ. მას შემდეგ, რაც ოთახში პროცესზე დასწრების ყველა მსურველი შემოდის, მანდატურები აცხადებენ, რომ პროცესი სხვა დარბაზში გაიმართება.
მსჯავრდებული უკვე ადგილზეა. ხადიჯა ისმაილოვა შემომსვლელებს შუშის გალიიდან მხიარულად ესალმება. ოთახი წინასთან შედარებით უფრო მცირე ზომისაა, შესაბამისად, ადგილებიც ნაკლებია. იურისტები ამბობენ, რომ აზერბაიჯანის სასამართლოში აპრობირებული მეთოდია, როცა მაღალი ინტერესის მქონე პროცესები მცირე დარბაზებში იმართება, რათა დასწრება ყველამ ვერ შეძლოს.
ოთახში მოსამართლეთა 3-კაციანი კოლეგია შემოდის. მანდატურები შუშის გალიის გარშემო ადგილებს ისე იკავებენ, რომ ხადიჯასა და პროცესზე მისულ პირებს ერთმანეთის დანახვა არ შეეძლოთ, რასაც დამსწრეები აპროტესტებენ.
მოსამართლე დარბაზს სიმშვიდის დაცვისკენ მოუწოდებს და პროცესს იწყებს. თუმცა რამდენიმე წუთში აცხადებს, რომ პროცესი გადადებულია. მიზეზად კი იმ საკანონმდებლო ნორმას ასახელებს, რომლითაც ხადიჯას საკასაციო სასამართლოში საჩივრის შესატანად ერთთვიანი ვადა აქვს. მოსამართლე ამბობს, რომ მან ეს ვადა ბოლომდე უნდა ამოწუროს.
საუბარია აზერბაიჯანის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 392-397 მუხლებზე, რომელთა თანახმად, სააპელაციო სასამართლო ორი მიმართულებით მუშაობს - ის ან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე მსჯელობს, ან საქმეში არსებულ მტკიცებულებებსა და ფაქტებზე. ამ პროცესის პარალელურად კი პირს საკასაციო სასამართლოსთვის მიმართვაც შეუძლია. რისთვისაც 1-თვიანი ვადა აქვს.
ხადიჯა ისმაილოვა მტკიცებულებების უკეთესად გამოკვლევას ითხოვდა, რაზეც უარს უთხრეს. ამიტომ მოსამართლემ მას ერთთვიანი ვადა მისცა, რათა მისი გადაწყვეტილება კასაციის წესით გაესაჩივრებინა. ხადიჯას იმ განცხადების მიუხედავად, რომლის მიხედვითაც იგი საჩივრის შეტანას არ აპირებდა და ეს ვადა არ სჭირდებოდა, მოსამართლემ პროცესი მაინც გადადო.
"ხადიჯამ უარი თქვა საკასაციო სასამართლოში საჩივრის შეტანაზე და ასეც რომ არ ყოფილიყო, ერთთვიანი ვადა გასაჩივრებისთვის მაქსიმუმია და სინამდვილეში თუ ჩივილს აპირებ, ამდენი დრო არ გჭირდება. ჩვენს პრაქტიკაში, თუკი მსგავსი შემთხვევა ყოფილა, ერთი თვე არ ყოფილა საჭირო, სააპელაციოშიც გაგვიგრძელებია პროცესი და ამის პარალელურად, საჩივარიც შეგვიტანია", - განმარტავს აზერბაიჯანელი იურისტი.
"რადიო თავისუფლების" კონტრიბუტორისა და გამომძიებელი ჟურნალისტის, ხადიჯა ისმაილოვას სააპელაციო პროცესი 19 ნოემბრისთვის გადაიდო.
ოთხ დანაშაულში მსჯავრდებულ ჟურნალისტს, თავისუფლების აღკვეთის გარდა, სასამართლო ხარჯების დასაფარად 300-დოლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ამასთან, მას 3 წლით აეკრძალა საჯარო თანამდებობის დაკავება.
ხადიჯა ისმაილოვას ბრალად ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანაც ედებოდა, თუმცა სასამართლომ ამ საქმეში იგი უდანაშაულოდ ცნო, რადგან ბრალმდებელმა საჩივარი გაიტანა.
გამომძიებელ ჟურნალისტს ეკუთვნის მრავალი კრიტიკული მასალა, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის წევრების ბიზნესინტერესებს ეხება. ის სწორედ ამიტომ ფიქრობს, რომ მის წინააღმდეგ წამოწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა მიზნად მისი ჟურნალისტური საქმიანობის შეჩერებას ისახავდა.
ისმაილოვას წინააღმდეგ აგორებული კამპანია საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights House-ის 2015 წლის ანგარიშში მოხვდა. იქ საუბარია იმაზე, რომ ჟურნალისტის წინააღმდეგ ხელისუფლება სხვადასხვა ბერკეტს იყენებდა: მას გამოუქვეყნეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, აეკრძალა ქვეყნიდან გასვლა და ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა მედიასაშუალებებმა გააგრძელეს მის წინააღმდეგ 2012 წელს დაწყებული "ლაფში ამოსვრის" კამპანია.
ამის პარალელურად აზერბაიჯანში სხვა უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები დააკავეს. საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციით, აზერბაიჯანში ათეულობით პოლიტიკური პატიმარია. Human Rights House-ის 2015 წლის ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებამ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით 33 უფლებამდაცველი დააკავა, საიდანაც 10 ჟურნალისტი და ბლოგერია. მათი ბრალდებები თითქმის იდენტურია.