ხათუნა სამნიძე: ვითარებაში სიცხადის შესატანად პარტიის წევრები პრემიერს შეხვდებიან
„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილს პარტიის უფლებამოსილი პირები დღეს შეხვდებიან. მისი თქმით, პრემიერის მიერ დღეს გაკეთებულმა განცხადებამ გაურკვევლობა გამოიწვია და სიტუაცია დაძაბა.
„რესპუბლიკური პარტიის წინადადებით, მოულოდნელად შექმნილ რთულ პოლიტიკურ ვითარებაში სიცხადის შესატანად, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დაინიშნა პარტიის უფლებამოსილი პირების შეხვედრა, რომელიც გაიმართება დღესვე. „რესპუბლიკური პარტია“ კომენტარებს აღნიშნულ შეხვედრამდე არ გააკეთებს“ - ნათქვამია განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ კოალიციაში პოლიტიკურმა დაპირისპირებამ სრულიად მიუღებელი ფორმა მიიღო.
„პოლიტიკურმა დაპირისპირებამ კოალიციაში სრულიად მიუღებელი ფორმა მიიღო. არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინ და რის გამო დაიწყო დაპირისპირება. ეს არ უნდა ვაკადროთ, პირველ რიგში, იმ ხალხს, ვინც 2012 წელს მხარი დაგვიჭირა, ქვეყნის მართვა გვანდო და რომლებიც საქართველოს უმრავლესობას შეადგენენ. ჩვენი საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს, რომ პოლიტიკოსები მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ საკუთარ ქმედებებსა და განცხადებებს, იფიქრონ და დასახონ ხალხის პრობლემების მოგვარების გზები.
რამდენიმე დღის წინ გავაკეთე პოლიტიკური განცხადება იმის შესახებ, რომ კოალიციის წევრების მხრიდან თავდაცვის მინისტრის მისამართით ამ ტიპის საჯარო ბრალდებები მიუღებელია და დღესაც ამ აზრზე ვრჩები. თუმცა, ამავე დროს, მინდა განვაცხადო, რომ თავდაცვის მინისტრი პირველ რიგში მთავრობის წევრია, იგი საქართველოს თავდაცვის მინისტრია და მხოლოდ ამის შემდეგ არის საკუთარი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. სწორედ მისი სტატუსიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მიუღებელია მისი მხრიდან მსგავს დაპირისპირებაში ჩართვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაკეთოთ, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას ჩვენი ჯარის პოლიტიკური პროცესებისგან მაქსიმალური დისტანცირება. დაუშვებელია, რომ ჩვენთვის საამაყო ჯარისკაცები და ოფიცრები პოლიტიკაში აღმოჩნდნენ ჩართული“ - თქვა პრემიერმა.