ხიდაშელი: თავდაცვის სამინისტრო წყვეტს ამ სააგენტოსთან ურთიერთობას

 
„თავდაცვის სამინისტრო და ყველა ჩვენს დაქმვემდებარებაში მყოფი სუბიექტი წყვეტს ამ სააგენტოსთან ურთიერთობას, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელი FACEBOOK-ის გვერდზე წერს. „სრულიად მიუღებელი, უზნეო და ამორალური ფაქტის მოწმე გავხდით მორიგ ჯერზე.  ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვაჩვენოთ მსგავსი ქმედების მიუღებლობა და შეურიგებლობა. პროტესტი უნდა იყოს ქმედითი. თავდაცვის სამინისტრო და ყველა ჩვენს დაქმვემდებარებაში მყოფი სუბიექტი წყვეტს ამ სააგენტოსთან ურთიერთობას.  არ შეიძლება, აღარ უნდა დავუშვათ, არ უნდა შევეგუოთ!", - წერს ხიდაშელი. ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ და რადიო „ფორტუნამ“ თავიანთ ვებგვერდებზე ერთ-ერთი პოლიტიკოსის სავარაუდო პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს, პოლიტიკოსის იდენტიფიცირებით. ასევე მიუთითეს ვიდეომასალის მოძიების გზები.  თუმცა მასალა მოგვიანებით აიღეს. საკითხს ასევე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროს სისტემა ipn.ge-სა და „ფორტუნასთან“ აღარ ითანამშრომლებს. „როგორც ყოფილი ოპოზიციონერი, როგორც ქალი და შესაბამისად ადამიანი (მეტი სხვა სტატუსი არც მინდა, ამის წერისას რომ მქონდეს და მძულს ისიც კი, რომ ამის წერა მიწევს), საჯაროდ ვაცხადებ, რომ სამინისტროს სისტემა ipn.ge-თან და ასევე რადიო „ფორტუნასთან“, მომხდარის გამო, აღარ ითანამშრომლებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ნიუსებს ჩვენგან ოფიციალური რელიზების თუ ინფორმაციების სახით, აღარ მიიღებთ. ინსტრუქცია უკვე ჩაშვებულია აპარატში და სამინისტროს 11-ვე სსიპ-ში და პირადად გავაკონტროლებ ყველა ჩემი სტრუქტურის ყველა პიართანამშრომელს, რომელიც ამ ინსტრუქციის დარღვევისათვის მკაცრად დაისჯება.  მედიამ, მათ შორის პოპულარულმა, მაუწყებლობის ელემენტარული წესები უნდა იცოდეს.  45-50 წუთი დასჭირდათ სპეცსამსახურებსა და აიტისპეციალისტებს, პარტნიორებს, რეაგირებისა და დაბლოკვისათვის, ტირაჟირება კი ზოგიერთს ამ პერიოდში ვერავინ დაასწრო. გულისრევის სმაილი". - წერს წულუკიანი. „ინტერპრესნიუსი“ აღნიშნულის შემდეგ საგანგებო განცხადება გაავრცელა. „სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ დღეს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ youtube-ზე გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს ინფორმაციას თან არ ახლდა არც ვიდეომასალა და არც მასზე გადასასვლელი ბმული, დასახელებული იყო ვიდეოს სახელწოდება, რაც საშუალებას იძლეოდა მომხდარიყო პირის იდენტიფიცირება. სააგენტო აცნობიერებს მის მიერ დაშვებულ შეცდომას და ბოდიშს იხდის.  „ინტერპრესნიუსისთვის“ მიუღებელია პირადი ცხოვრების ამსახველი ნებისმიერი ტიპის მასალის გავრცელება და ტირაჟირება და იმედოვნებს, რომ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებები დროულ რეაგირებას მოახდენენ", - წერს სააგენტო.