ხმალაძე: შესაძლოა, საერთოდ ცალკე მუხლი ჩამოყალიბდეს, მუხლი, რომელიც ეხება მარიხუანას
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, დეპუტატ გოგა ხაჩიძის კანონპროექტი მარიხუანის დეკრიმინალიზაციაზე, მხოლოდ ნაწილობრივ ასახავს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და რაღაც ნაწილში მას არც შეესაბამება.
მისი თქმით, საჭიროა უფრო კომპლექსური მიდგომა, რათა კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან.
„თქმა იმასა, რომ თუ ჩვენ ამ კანონპროექტს არ მივიღებთ, მარიხუანის მოხმარებისთვის პირს ციხეში ჩასვამენ, ასე აღარ არის, მარიხუანის მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთას სასამართლოები ვეღარ მიუსჯიან და არც უსჯიან პირს. ამდენად, დღევანდელი მდგომარეობით, მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთა ვერ იქნება შეფარდებული. შესაბამისად ის საფრთხე, რომელზეც მიუთითებდა ბატონი გიორგი, რომ მოწევს კაცი და მას ციხეში ჩასვამენ, ეს საფრთხე უბრალოდ არ არსებობს. ვფიქრობ, ასეთ სახით ეს კანონპროექტი არ უნდა იქნეს მხარდაჭერილი, მაგრამ უნდა მომზადდეს ისეთი ცვლილებები ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში, რომელიც შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს გადწყვეტილებას“, - ამბობს ხმალაძე.
რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტებას, ხმალაძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება, შეეხო 5-დან 70 გრამამდე გამომშრალ მარიხუანის ოდენობას და სასამართლომ თქვა, რომ თუ საქმე არ გვაქვს გასაღებასთან, ასეთი ოდენობით მარიხუანის შეძენა, შენახვა და მოხმარება, არ წარმოადგენს ისეთ დანაშაულს, რომლისთვისაც სანქციის სახით შეიძლება გათვალისწინებული იყოს თავისუფლების აღკვეთა, რომ თავისუფლების აღკვეთა არ არის პროპორციული იმ სამართალდარღვევისა, რომლის გამოც ხდება ასეთი სანქციის დაწესება.
„შესაბამისად, საჭიროა, რიგი ცვლილებების შეტანა, როგორც სისხლის სამართლის, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში და არა მხოლოდ სისხლის სამართლის 273-ე მუხლში, არამედ 260-ე მუხლშიც. შესაძლოა საერთოდ ცალკე მუხლი ჩამოყალიბდეს, მუხლი რომლიც ეხება მარიხუანას“, - განაცხადა ხმალაძემ.
მისივე განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეეხო მშრალ მარიხუანას და ნორმის ინტერპრეტირებისას, ასევე უნდა იგულისხმებოდეს ნედლი მარიხუანაც, „რადგან განსხვავება ნედლსა და მშრალ მარიხუანას შორის არის არის მხოლოდ წყლის შემცველობაში“.
„თქვენ თუ ნახავთ კანონს, სადაც ჩამოთვლილია ნარკოტიკული ნივთიერებები, მარიხუანა, არის ერთ გრაფაში, რომელსაც აქვს ორი ქვეპუნქტი - ერთი არის გამომშრალი, მეორე არის ნედლი მარიხუანა. 5 გრამი მშრალი მარიხუანა ეკვივალენტურია 10 გრამი ნედლი მარიხუანის. ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნედლ მარიხუანაზეც ვრცელდება. მაგრამ, სასამართლოს არ გაუვრცელებია ეს კანაფის ფისზე. არ გაუვრცელებია ზეთსა და ნაყენზე. ფისიც, ზეთიც და ნაყენიც არის ბევრად უფრო კონცენტრირებული და მათში მაღალი დოზით არის კონცენტრირებული ის ნივთიერება, რომელიც ახდენს ამ ჰალუცინოგენურ ზემოქმედებას“, - განაცხადა ხმალაძემ.
მისი თქმით, თუ პირს მარიხუანის შეძენა, შენახვა, მოხმარებისთვის მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა, იმიტომ, რომ სასამართლოს გადწყვეტილებაში ლაპარაკი იყო მხოლოდ მშრალი მარიხუანის მოხმარებაზე შეცდომაა, რომელიც ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებისას გამოსწორდება.