ხუდონჰესი გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე?

 
მთავრობის 2009 წლის დადგენილებაში შესული ცვლილებები გარკვეული ტიპის მშენებლობებისთვის ნებართვის აღებას ამარტივებს. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებაში ცვლილები 4 აპრილს გამოქვეყნდა.  დადგენილების ახალი რედაქციით, სხვა პირობებთან ერთად, თუ V კლასს დაქვემდებარებული ობიექტები განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა და სოციალური დანიშნულების შენობა-ნაგებობებს ან მათ კომპლექსებს წარმოადგენს, რის გამოც შეუძლებელია ბოლო სტადიისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი, სრულად დაკომპლექტებული სამშენებლო დოკუმენტის პროექტის წარდგენა, ნებართვის მაძიებლის სათანადოდ დასაბუთებული 2 შუამდგომლობის შემთხვევაში და მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაიცეს მშენებლობის ნებართვა მიწის ნაკვეთზე ან/და ნაკვეთებზე საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი საბუთისა და სამშენებლო დოკუმენტის პროექტის ზოგიერთი ნაწილის მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში წარდგენის გარეშე. ნებართვის მფლობელს შეუძლია დაიწყოს სათანადო სამშენებლო სამუშაოები იმ მიწის ნაკვეთზე ან ნაკვეთებზე, რომლებზეც წარადგენს საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელ საბუთს და შესაბამის საპროექტო დოკუმენტაციას. დადგენილების მიხედვით, ასეთ შემთხვევაში ნებართვის გაცემის შემდეგ სანებართვო პირობებში განისაზღვრება იმ დოკუმენტების წარდგენის ვადა, რომელიც წარდგენილ დოკუმენტაციას აკლია. ამასთანავე, ხაზობრივი ნაგებობების შემთხვევაში, როდესაც შემჭიდროვებულ ვადებში ვერ ხორციელდება სამშენებლო მიწის ნაკვეთის/ნაკვეთების მესაკუთრეთა იდენტიფიცირება, ამ ნაკვეთის/ნაკვეთების სტატუსის შეცვლა და რეგისტრაცია, აგრეთვე, სხვა საჭირო გარემოებათა დაზუსტება, თუ ნებართვის მაძიებლის შესაბამისი მიმართვის საფუძველზე წარდგენილი იქნება სამშენებლოდ გამოსაყენებელი ხაზობრივი ნაგებობის ტრასის კოორდინატები, სანებართვო პირობებში განისაზღვრება მიწის ნაკვეთის/ნაკვეთების საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი საბუთების წარდგენის ვადა. ნებართვის მფლობელს შეუძლია დაიწყოს სათანადო სამშენებლო სამუშაოები იმ მიწის ნაკვეთზე ან ნაკვეთებზე, რომლებზეც წარადგენს საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელ საბუთს. კანონმდებლობის თანახმად, მეხუთე კლასს ექვემდებარება განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობები, რომლებიც მომეტებული რისკფაქტორებით ხასიათდება. ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ ბიომრავალფეროვნების კოორდინატორის ირაკლი მაჭარაშვილის განმარტებით, ამ ჩამონათვალს განეკუთვნება სამრეწველო ობიექტები, რომლებშიც ხორციელდება საშიში საწარმოო პროცესები, სამრწერველო დანიშნულების ფეთქებადი დამამზადებელი სამუშაოები, ქიმიური საწარმოები და ა.შ. ამასთან ელექტროსადგურები 230 მგვტ და მეტი სიმძლავრის პირველი კატეგორიის ელექტროსადგურები, რომელშიც შედის თბოელექტროსადგურები, ჰიდროელექტროსადგურები 50 მგვტ და მეტი სიმძლავრის, ასევე, 100 ათას მეტრ კუბზე მეტი მოცულობის წყალსაცავები, მეტალურგიული ობიექტები, ნაგავსაყრელები, აეროდრომები და ა.შ. „არსებული რედაქციის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემა შესაძლებელია მიწის ნაკვეთზე საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი საბუთისა და სამშენებლო დოკუმენტის პროექტის ზოგიერთი ნაწილის მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში წარდგენის გარეშე. „სამშენებლო დოკუმენტის პროექტის ზოგიერთ ნაწილში“, მთავრობამ შესაძლებელია თავისუფლად იგულისხმოს, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა (გზშ) და მასთან დაკავშირებული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და შესაძლებლად ჩათვალოს მშენებლობის ნებართვის გაცემა მათი წარდგენის გარეშეც. ახალ რედაქციაში, კი დაემატა, რომ „ნებართვის მფლობელს შეუძლია დაიწყოს სათანადო სამშენებლო სამუშაოები იმ მიწის ნაკვეთზე ან ნაკვეთებზე, რომლებზეც წარადგენს საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელ საბუთს“. ასეთი საკუთრების უფლება კი „ტრანსელექტრიკას“ უკვე აქვს მიღებული 1 დოლარად - ხაიშის თემის 1500 ჰექტარი“, - ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი.  მისი თქმით, ამ ეჭვის საფუძველს აღრმავებს ხუდონჰესის ლობისტი ექსპერტების არაერთი განცხადება იმის თაობაზე, რომ მთავრობამ გზშ-სგან განსხვავებული, უფრო მოქნილი მექანიზმი უნდა გამოძებნოს ხუდონის პროექტის დასაწყებად. ცვლილებამდე რამდენიმე დღით ადრე ექსპერტებმა ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძემ, ირაკლი ლექვინაძემ და გიორგი აბაშიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ მსხვილ საინვესტიციო პროექტებთან მიმართებით მთავრობას პასიური პოლიტიკა აქვს და მათ ხელისუფლების სხვადასხვა შტო არაკოორდინირებულ მუშაობაში დაადანაშაულეს. "ორი პროექტი - ხუდონჰესი და აჭარის წყალზე დაგეგმილი ჰესების კასკადი, პრაქტიკულად, შეფერხებულია ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის არაკოორდინირებული მუშაობის გამო. სამწუხაროდ, მაღალჩინოსნები კვლავ ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით და რეალურად ეს უმნიშვნელოვანესი პროექტები სწორედ ამის გამო ფერხდება. ხუდონჰესის მშენებლობა უნდა დაიყოს ორ ფაზად - საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების (მუხლი 53, პუნქტი 5) თანახმად გაიცეს მშენებლობის ნებართვა იმ პირობით, რომ ჰესის ოპერირების დაწყებამდე ხელისუფლება უზრუნველყოფს შესაბამისი ტექნიკური პროცედურების განხორციელებას, ხოლო ინვესტორი გამოისყიდის კერძო საკუთრებაში არსებულ ზემოთ აღნიშნულ 155 ჰექტარ მიწის ნაკვეთს. მიმდინარე ეტაპზე, ეს ნაკვეთები და ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები არ ექცევიან მშენებლობის არეალში და მათი განსახლება ჰესის ექსპლუატაციის დაწყებამდე გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს. პირიქით, ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება ჰესის მშენებლობის სამუშაოებზე და 2020 წლამდე მიიღებს სტაბილურ და სოლიდურ ანაზღაურებას", - განაცხადა ლევან კალანდაძემ. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ დადგენილების 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის ახალ რედაქციაში მხოლოდ ხაზობრივი ნაგებობების შემთხვევაში დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული საკითხებია დამატებული, რომლებიც ისევე რეგულირდება, როგორც ცვლილებამდე არსებულ რედაქციაში იყო გათვალისწინებული. „ცვლილება არანაირად არ ეხება ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნისა და დასკვნის გაცემისათვის კანონით დადგენილი პროცედურების გარეშე მშენებლობის ნებართვის გაცემას. ეს ჩანაწერი არასწორად იქნა ინტერპრეტირებული“, - აცხადებენ სამინისტროში. თუმცა მაჭარაშვილი სამინისტროს პოზიციას არ იზიარებს და ამბობს, რომ ახალ რედაქციაში შემდეგი ჩანაწერი გაჩნდა: „ნებართვის მფლობელს შეუძლია დაიწყოს სათანადო სამშენებლო სამუშაოები იმ მიწის ნაკვეთზე ან ნაკვეთებზე, რომლებზეც წარადგენს საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელ საბუთს“. „საერთო ჯამში კომპანია „ტრანსელექტრიკას“ შეუძლია მიიღოს ხუდონჰესის მშენებლობის ნებართვა დოკუმენტაციის, მათ შორის ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნის, წარდგენის გარეშეც და რადგანაც საკუთრების უფლება ხაიშის თემის 1500 ჰექტარზე უკვე აქვს მიღებული 1 დოლარად - შეუძლია დაიწყოს პროექტის განხორციელება. მოსახლეობის წინააღმდეგ კი გამოიყენებენ პოლიციას. ასევე კომპანია თავიდან აიცილებს მშენებლობის ნებართვის აღების ვადების დარღვევისათვის მასზე დაკისრებულ ჯარიმას”, - ამბობს მაჭარაშვილი.  კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის, CENN-ის წარმომადგენელი კახა ბახტაძე ამბობს, რომ ამგვარ ტენდენციას დიდი, მომეტებული რისკის მქონე პროექტების განხორციელების რეგულირების მხრივ, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესუსტებამდე მივყავართ.  აპირებს თუ არა კომპანია „ტრანსელექტრიკა“ დადგენილების ამ პუნქტით სარგებლობას და მშენებლობის ნებართვის მიღებას გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე? ამ კითხვით „ლიბერალმა“ კომპანიას მიმართა. თუმცა როგორც იქ განგვიცხადეს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ტექნიკური დირექტორი დავით მირცხულავა და სხვა პასუხისმგებელი პირები, რომელთაც ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეეძლებოდათ, საქართველოში არ იმყოფებიან. გარდა ამისა, სახელმწიფოსა და კომპანიას შორის არსებული მემორანდუმით, "ტრანსელექტრიკას" ხუდონჰესის მშენებლობის ნებართვა 2014 წლის 1 მარტამდე უნდა მიეღო. 7 აპრილს რადიო „კომერსანტის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ენერგეტიკის სამინისტრო კომპანიასთან პროექტის ვადების გადაწევასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. როდისთვის იქნება მზად ხუდონჰესის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და როდემდე გადაიწევა კომპანიისთვის მიცემული ვადები, ჯერჯერობით უცნობია.