ხუციშვილმა ტელეეთერი დატოვა, რადგან წამყვანმა სოლიდარობის ნიშნად ჩამოცმული ტომარა არ მოიხსნა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ. შალვა ხუციშვილმა „არჩევანის“ ეთერი იმის გამო დატოვა, რომ მასში მონაწილე ჟურნალისტებმა და ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ აფგან მუხთარლისადმი სოლიდარობის ნიშნად თავზე ჩამოცმული ტომარა არ მოიხსნეს.
„არჩევანის“ ეთერში ჟურნალისტებმა თავზე შავი ტომრები ჩამოიცვეს. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს აზრბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის, რომელიც ამბობს, რომ თბილისიდან გატაცების დროს თავზე ტომარა ჩამოაფარეს.
„პერფორმანსში მონაწილეობის არანაირი ხასიათი არ მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი პატივისცემით ვარ თქვენი სტუმრებისა და თქვენს მიმართ, გამოხატვის თავისუფლების მიმართ, ვფიქრობ, ასეთ ფორმატში საუბარი არ იქნება მიზანშეწონილი“ - თქვა ხუციშვილმა, რომელმაც არ უპასუხა ტელეწამყვანის შეკითხვას, თუ როგორ გაუჩინარდა საქართველოდან აფგან მუხთარლი და როგორ აღმოჩნდა იგი ბაქოში.
ქართველმა ჟურნალისტებმა აფგან მუხთარლის საქმის გამო პროტესტი შავი ტომრებით საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტშიც გამოხატეს.