ხვალიდან ტელეკომპანია "ტაბულა" მაუწყებლობას იწყებს

 
ხვალ საღამოს 8 საათზე ტელეკომპანია “ტაბულა” საცდელ მაუწყებლობას დაიწყებს. “ტაბულა” იმ სიხშირეზე გადაცემა, რომლითაც ტელეკომპანია “საქართველო” სარგებლობდა. ტელეკომპანია საინფორმაციო გამოშვებით გავა ეთერში. მისი საეთერო ბადე საწყის ეტაპზე 12-საათიანი იქნება. ჟურნალ “ტაბულას” მთავარი რედაქტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, საინფორმაციო გადაცემა ძირითადად საერთაშორისო ამბების შესახებ იქნება, თუმცა მომავალში ქართული ამბების გაშუქებაც იგეგმება. ასევე იქნება საზოგადოებრივი გადაცემები, სადაც ქართველი და უცხოელი საზოგადო მოღვაწეების ცნობილი გამოსვლები გავა: “ამ ეტაპისთვის მხოლოდ საინფორმაციო გამოშვება, საზოგადოებრივი გადაცემა და მუსიკალური ეთერი იქნება,”- განუცხადა “ლიბერალს” თამარ ჩერგოლეიშვილმა. მისი განცხადებით, ამჟამად შენობაში რემონტი მიმდინარეობს და ტელეკომპანია სრულფასოვან მაუწყებლობაზე თებერვლის შუა რიცხვების მერე გადავა: “ თვენახევრის განმავლობაში არც წამყვანები იქნებიან და არც სტუდიები იქნება.” ჩერგოლეიშვილის ინფორმაციით, ტელეკომაპნიას ყველანაირი სახის ტოქშოუ ექნება, მათ შორის პოლიტიკური, საზოგადოებრივი და სტუდენტური. თუმცა კონკრეტულად ვინ იქნებიან წამყვანები და კიდევ რა სახის გადაცემების გაშვება იგეგმება, ამაზე საუბრისგან რედაქტორი თავს იკავებს:” ამ ყველაფრის შესახებ ჩამოყალიბებულად სრულფასოვან მაუწყებლობაზე გადასვლამდე ერთი კვირით ადრე გაცნობებთ.” კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია “საქართველოს”  კუთვნილი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები “სამოქალაქო განათლების ფონდს” გადასცა. ფონდის დირექტორი და ერთ-ერთი დამაარსებელი ჟურნალ “ტაბულას” რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილია.