კიდევ ერთ ოქტომბრამდე

 
რადიო "თავისუფლება", სპეციალურად "ლიბერალისთვის" დუბნოვის შეფასებით, აპრილში პრეზიდენტს პარლამენტის დაშლის უფლების გამოყენება სულაც არ სჭირდება. „პირიქით, ამას უკუჩვენებაც კი აქვს მისთვის. ნებისმიერ არჩევნებში, თუნდაც ისეთი სამართლიანობით ჩატარებული, როგორიც ოქტომბრის არჩევნები იყო, სააკაშვილი წააგებს და რაც დრო გადის უფრო უნუგეშოდ... სამაგიეროდ სააკაშვილს შეუძლია გადააყენოს მთავრობა.  მის მიერ წარდგენილ ახალ მთავრობას კი საპარლამენტო უმრავლესობა ვერაფრით გაუმკლავდება და ოქტომბრის  საპრეზიდენტო არჩევნებამდე ვერაფერსაც ვერ შეცვლის. ამ არჩევნებს კი პრეზიდენტი, მისი მთავრობა და ხელისუფლების მთელი ვერტიკალი მოამზადებს, რომელიც მალევე მოიკრებს ძალას“. თუმცა, ვადიმ დუბნოვის პროგნოზით, შესაძლოა პრეზიდენტის მიერ ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება ფუჭი აღმოჩნდეს, რადგან ყველაზე მაღლი რეიტინგი პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ირაკლი ალასანიას გააჩნია. მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის დაპირისპირებას რუსი ექსპერტი  ნერვების ქართულ თამაშს უწოდებს, რომელიც „ისეთი თავდავიწყებით მიმდინარეობს, რომ ვიღაცას შესაძლოა კომიკურადაც კი მოეჩვენოს...  დაპირისპირების არც ერთ მონაწილეს არ უნდა 90-იანი წლების ჟანრის პოლიტიკური ბრძოლა. ამით ორივე მხარე ერთმანეთს აშინებს და მის პროვოცირებას ახდენს, რის გამოც ნერვების გაჩაღებული ომია... ის სიმსუბუქე, რომლითაც  მხარეები მოლაპარაკებებიდან პროპაგანდისტულ კოლონადას დაუბრუნდნენ, ამტკიცებს: მშვიდობა არავის უნდა და მისი არავის სჯერა. თუმცა, ამასთანავე როგორმე ნამდვილ ომსაც უნდათ აუარონ გვერდი“. ვადიმ დუბნოვი იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ დასავლეთის ქვეყნების ელჩებმა ივანიშვილს გარკვევით მიანიშნეს, რომ თუკი ის ყოველგვარი გართულებების გარეშე შეძლებს საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებას, ისინი ამას არ შეეწინააღმდეგებიან. მაგრამ თუკი პრემიერ მინისტრი ამაში დარწმუნებული არ არის, ჯობია, რომ იგი ოქტომბრის არჩევნებს და მოვლენათა ბუნებრივ განვითარებას დაელოდოს. „მაგრამ ივანიშვილს არ შეუძლია მშვიდად დაელოდოს ოქტომბერს და სამთავრობო კრიზისის მუდმივი საშიშიროების ქვეშ იყოს. მას არც პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები აწყობს, რადგან მოსალოდენლია, რომ მისი კანდიდატი წააგებს. ივანიშვილი ამიტომაც იწყებს რეფერენდუმისთვის მზადებას, რომელიც პრეზიდენტის არჩევნებს საყოველთაოს ნაცვლად, საპარალამენტოს გახდიდა“. თუმცა ვადიმ დუბნოვის აზრით, ბიძინა ივანიშვილს „არავითარი საფუძველი არ აქვს დარწმუნებული იყოს ამ პარლამენტის სანდოობასა და ასევე მისთვის საჭირო უმრავლესობაში“. „საქართველოს მთავრობა სააკაშვილის ძალაუფლებას შეზღუდავს“, - წერს Der Standard.  ამის შესახებ ავსტრიულ გაზეთს ბრიუსელში ყოფნისას დეპუტატმა თინა ხიდაშელმა ამცნო. „პრეზიდენტის მსგავსი განუსაზღვრელი უფელბამოსილება მხოლოდ თურქმენეთშია“,- მოჰყავს გამოცემას ხიდაშელის სიტყვები. მისივე თქმით, პრეზიდენტს თავისუფლად შეუძლია „ზაფხულში დაითხოვოს ივანიშვილის მთავრობა. რაც საქართველოს ღრმა პოლიტიკურ კრიზისში ჩაძირავს“. Der Standard-ს თინა ხიდაშელმა ასევე განუცხადა, რომ ახალი ხელისუფლების მიზანს „საპარლამენტო დემოკრატიის“ დამყარება წარმოადგენს და რომ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების ზუსტი თარიღი აგვისტომდე გახდება ცნობილი. ბრიტანული პრესა  პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის  საკუთარი ავტომობილით „გასეირნებაზე“  წერს.  Daily Mail -ი სტატიაში „საქართველოს პრეზიდენტი თავად მართავს ელექტრომობილს აეროპორტამდე, რათა გააქარწყლოს  მისი  ცხოვრების სტილით გამოწვეული რისხვა ...  მისი ცოლი მისი პირადი დაცვაა“, - უკანასკნელი სიტყვა გამოცემას მთავრული ასოებით  აქვს დაბეჭდილი. „ახალმა ხელისუფლებამ სააკაშვილი მიუღებელ ექსტრავაგანტულობაში დაადანაშულა“, - წერს Daily Mail-ის კორესპონდენტი,- „ახლა კი იგი ირწმუნება, რომ საერთოდ დაცვის გარეშე ივლის და თუ რამე მოხდება “მისი ცოლი დაიცავს მას“.