კოალიცია „ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის” მთავრობას ბავშვთა შრომის აღმოფხვრისკენ მოუწოდებს

 
კოალიცია „ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის” საქართველოს მთავრობას ბავშვთა შრომის აღმოფხვრისკენ მოუწოდებს. როგორც კოალიციის განცხადებაშია ნათქვამი, 2017 წელს ბავშვთა შრომის აკრძალვის საერთაშორისო დღეს საქართველო კვლავაც მწვავე პრობლემებით ხვდება. უფრო კონკრეტულად კი, განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ეროვნული კანონმდებლობა ჯერაც ვერ უზრუნველყოფს სრულფასოვნად ბავშვთა დაცვას შრომის სახიფათო ფორმებისა და შრომითი ექსპლუატაციისგან; ხოლო, აღმასრულებელი ხელისუფლება ვერ ახერხებს არსებული კანონმდებლობის ფარგლებში ბავშვთა დაცვას არალეგალური შრომითი მიგრაციისა და ტრეფიკინგის საფრთხეებისგან. „როგორც 2016 წლის  ბავშვთა შრომის ეროვნულმა კვლევამ გამოავლინა, ქვეყანაში ბავშვებისთვის დამაზიანებელ შრომით საქმიანობაში 24 000 ბავშვია ჩართული, მათგან  64% სახიფათო შრომით საქმიანობას ეწევა. 4700 ბავშვს სახიფათო დანადგარებსა და ინსტრუმენტებთან უწევს შეხება. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, მხოლოდ 2016 წელს სკოლა, შრომით საქმიანობაში ჩართულობის გამო, 1165-მა ბავშვმა მიატოვა. სურათი კიდევ უფრო მძიმდება, თუ გავიხსენებთ, რომ ეროვნულ კვლევაში არ მოხვდნენ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, რომელთა სრული უმრავლესობაც შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლია. საქართველოში ბავშვთა შრომად არ განიხილება ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მიერ მოწყალების თხოვნა, წვრილმანი ნივთებით ვაჭრობა და შემოსავლის მიღების მიზნით სხვა ეკონომიკური აქტივობები, რომლებიც ბავშვებს წყვეტს მათი ასაკისათვის აუცილებელი და შესაბამისი შესაძლებლობებისაგან. ასევე, არ გვაქვს დაზუსტებული მონაცემები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების შრომით საქმიანობაზე, რაც მათ განათლებისა და განვითარების უფლებას მნიშვნელოვნად არღვევს. საგანგაშოა ვითარება გურიისა და აჭარის რეგიონებში. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოებული კვლევის ფარგლებში, 2015 წელს თურქეთში უკანონო მიგრაციის თემაზე გამოკითხული იყო 17-დან 22 წლამდე 223 მოზარდი. მათი 99% არასრულწლოვნობის პერიოდში ჩაბმული იყო უკანონო შრომით მიგრაციაში. ჩაის და ციტრუსის პლანტაციებში სამუშაოდ საზღვრის გადაკვეთას ბავშვები, ძირითადად, იწყებენ 15-17 წლის ასაკიდან, თუმცა მცირე პროცენტი ამ საქმიანობაში ჩართულია 12 წლის ასაკიდან. მათ მნიშვნელოვან ნაწილს არ გააჩნია მშობლის თანხმობა ან საზღვარზე მშობლის თანხლების გარეშე გადადის. მუშაობის პერიოდში მათგან მხოლოდ ორს გაუფორმეს ხელშეკრულება. 5-მა რესპოდენტმა აღიარა, რომ, შრომითი მიგრაციის დროს მათ მიმართ იყო სქესობრივი ძალადობა. აღნიშნული პრაქტიკა გურიისა და აჭარის რეგიონებში ჯერაც ფართოდაა გავრცელებული, სახელმწიფო უწყებები კი ფაქტებს სისტემურურად უგულებელყოფდნენ. აღნიშნული კვლევის შედეგების გავრცელებას არც ერთი სამსახურისგან ეფექტიანი რეაგირება არ მოჰყოლია. ბავშვთა შრომის ფართოდ გავრცელება, რომელიც ბავშვებს ართმევს ბავშვობას, აზიანებს მათ პოტენციალს და ღირსებას, ქვეყანაში ბავშვთა დაცვის, განათლებისა და კეთილდღეობის სისტემაში არსებული ხარვეზების შედეგია. საქართველოს ბავშვებისა და ახალგაზრდობის კოალიცია მოუწოდებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გააძლიეროს ბავშვთა შრომის გამო განათლების მიტოვების პრევენცია და აღრიცხვა. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ყველა სხვა პასუხისმგებელ ორგანოს, მოახდინოს შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევებზე ეფექტური რეაგირება, გაამკაცროს უკანონო შრომითი მიგრაციისა და ბავშვთა ტრეფიკინგის აღმოფხვრის ღონისძიებები. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, უზრუნველყოს ბავშვთა დაცვა შრომის უკიდურესი და საფრთხის შემცველი ფორმებისაგან, განახორციელოს ბავშვთა შრომის მონიტორინგი და ძალადობისგან დაცვა. კოალიციას მნიშვნელოვნად მიაჩნია, უახლოეს მომავალში, საქართველოს პარლამენტმა მოახდინოს ეროვნული კანონმდებლობის ანალიზი და ჰარმონიზაცია ბავშვთა შრომის მიმართულებით გაეროს ბავშვთა უფლებების და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციების შესაბამისად“,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: