კობახიძე: ჩამოვყალიბდით, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები გაიმართება შერეული სისტემით
ჩამოვყალიბდით, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით გაიმართება, ხოლო ამის შემდეგ უკვე გადავალთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ბონუსის დანამატით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა.
„საპარლამენტო უმრავლესობასთან სხვადასხვა საკითხი გვქონდა განსახილველი. მათ შორის ვისაუბრეთ კონსტიტუციასთან დაკავშირებით. ამის თაობაზე კონსენსუსი შედგა იმ გუნდში, რომელსაც საქართველოს მოსახლეობამ საკონსტიტუციო ნდობა გამოუცხადა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში. კერძოდ, იმაზე, თუ რა სახით ჩამოყალიბდება საარჩევნო სისტემა. როგორც ვვარაუდობდით, შევთანხმდით, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები გაიმართება შერეული სისტემით, ხოლო ამის შემდეგ უკვე გადავალთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ბონუსის დანამატით. ეს არის ის კონსენსუსი, რომელიც შედგა. რაც შეეხება მომდევნო არჩევნებს, საუბარი გვქონდა, რომ შესაძლებელია ერთჯერადად დავწიოთ საარჩევნო ბარიერი მომდევნო არჩევნებში შერეული სისტემის პირობებში. საბოლოო პოზიცია ამასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში დაზუსტდება”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.