კონსტიტუციაში ბავშვის უფლებებზე ცალკე ჩანაწერი გაჩნდეს - საიას რეკომენდაცია

 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საიამ) პროექტის - „ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“ -  საბოლოო ანგარიში წარადგინა. ანგარიშის მიხედვით, საიასა და პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით სამართლებრივი დახმარება 7000-მდე მსხვერპლმა მიიღო, ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია გაიარა 2500-მდე მსხვერპლმა, ხოლო პროფესიული განათლება მიიღო 71-მა ბენეფიციარმა. პროექტის ფარგლებში შემუშავდა მოძალადეთა ქცევის კორექციის პროგრამა, რომელიც დაინერგა პრობაციის სააგენტოსა და 2 პენიტენციურ დაწესებულებაში.  გარდა ამისა, პროექტის განხორციელების პერიოდში მომზადდა 5 სხვადასხვა კვლევა: - „ძალადობრივი ქცევის გამომწვევი რისკფაქტორები“; -  „გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის გამოძიების სტანდარტები“; - ნ„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონათა და ქალთა მიმართ ძალადობის ძირითადი ასპექტები“; - „ბავშვის მიმართ ძალადობა“; -  „ლბტ და სექს-მუშაკ ქალთა უფლებრივი და სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში“. კვლევებმა აჩვენა, რომ  აუცილებელია შემდეგი ცვლილებები: - გაჩნდეს ცალკე ჩანაწერი კონსტიტუციაში ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით; - ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტების გახშირების გამო, გადასახედია სისხლისსამართლებრივი სანქციების გამკაცრების საკითხი; - დასახვეწია კანონმდებლობა ბავშვთა პორნოგრაფიის საკითხთან დაკავშირებით; - აუცილებელია გატარდეს და შემუშავდეს მედიის მიერ სტერეოტიპების აღმოფხვრისკენ მიმართული პოლიტიკა; - საჭიროა პედაგოგების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლების, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების გადამზადება ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების იდენტიფიცირებისა და ფაქტზე რეაგირების შემთხვევების მიმართულებით; - მნიშვნელოვანია გენდერის ნიშნით ჩადენილ დანაშაულთა ბუნების გამოკვლევა, მსხვერპლთა დაცვის ქმედითი მექანიზმების შექმნა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდა ქალებისა და გოგონებისთვის; ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ კვლავ პრობლემად რჩება ოჯახში ძალადობის ფაქტების გაცხადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხრიდან, რადგან: - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და გოგონები ვერ ახერხებენ, პოლიციისთვის ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით დროულად მიმართვას; - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უმეტესობას  არ აქვს ინფორმაცია საკუთარი უფლებების, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე პირთა უფლებების კონვენციით აღებული ვალდებულებების შესახებ; - პრობლემურია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების და გოგონების რეაბილიტაციის საკითხი. ფაქტობრივად, არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა  სპეციფიკურ საჭიროებებზე მორგებული  სარეაბილიტაციო ცენტრები, რომელიც მიიღებენ ძალადობის მსხვერპლს. - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვისკენ მიმართული სახელმწიფო პროგრამები საჭიროებს დახვეწასა და ცვლილებებს.