კვერენჩხილაძე: შესაძლებელია, პრეზიდენტის შენიშვნები საშემოდგომო სესიაზე განიხილონ
პარლამენტი უფლებამოსილია, სთხოვოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევა და ამ რიგგარეშე სხდომაზე განიხილოს ვეტოს საკითხი. შესაბამისად ახლა იქნება ეს საკითხი განხილული თუ საშემოდგომო სესიაზე, პარლამენტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილეძემ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტში დღეს, დღის ბოლომდე გადაიგზავნება.
„რაც შეეხება თავად ვეტოს დაძლევის საკითხს, ვეტო ნამდვილად არ არის არც კონსტიტუციონალიზმის თეორიაში, არც პრაქტიკაში, არც სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მიჩნეული კონფრონტაციის და დაპირისპირების ინსტრუმენტად. ეს არის ხელისუფლების დაბალანსების და უკეთესი საკანონმდებლო პროდუქტის, უკეთესი ხარისხის კანონების მიღების ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ბერკეტი. მოტივირებული შენიშვნები პარლამენტში დღეს დღის ბოლომდე იქნება გადაგზავნილი", - განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტს ვეტო დაადო.