კვირიკაშვილი: დამწყები ბიზნესის დაფინანსების პროექტში ბიზნესსკოლები უნდა იყოს ჩართული
„გაცილებით უკეთესია, რომ მათი [სკოლის მოსწავლეების] აზროვნების სტილი აეწყოს იმაზე, რომ ჰქონდეთ საკუთარი ბიზნესი, ისინი გახდნენ მეწარმეები, ბიზნესის მფლობელები და არა დაქირავებული ადამიანები“, - ამის შესახებ პრემიერობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.
„დამწყები ბიზნესების დაფინანსების პროექტში, ჩვენი კონცეფციით, უნდა იყოს ჩართული აუცილებლად ბიზნესსკოლები, საკონსულტაციო კომპანიები და უნდა გაეწიოთ სპეციალური მიზანმიმართული დახმარება ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ, რომ დამოუკიდებელი ცხოვრება ააწყონ, რომლებსაც სურთ, რომ არ იყვნენ დაქირავებული თანამშრომლები და ძალიან კარგია, თუ ამ სულისკვეთებას გავაღვივებთ და განვავითარებთ საქართველოში. რა თქმა უნდა, იქნება დაფინანსება, რომ მათ არ მოუწიოთ უძრავი ქონების დაგირავება. ზუსტად ეს არის პრობლემა დამწყები ბიზნესებისთვის და მთლიანად მეწარმეობის - სულისკვეთების განვითარება, იმ სულისკვეთების, რომ დაწყებითი სკოლიდანვე ბავშვებმა დაიწყონ ფიქრი იმაზე და ისინი შეეგუონ იმ აზრს, რომ ადამიანი შესაძლებელია, არ გახდეს დაქირავებული თანამშრომელი, ჩვენ ბავშვობიდანვე შევუწყობთ და განათლების სისტემაში დავიწყებთ ამ პროექტს და, რა თქმა უნდა, რამდენიმე თვეში უკვე დაგპატიჟებთ პროექტის გახსნის ცერემონიაზე და დაიწყება ეს დაფინანსების მექანიზმები“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.