კვირიკაშვილი: ძალიან შეშფოთებული ვარ ქვეყანაში გაზრდილი რუსული პროპაგანდის გამო
მე თვითონ შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან შეშფოთებული ვარ ქვეყანაში გაზრდილი რუსული პროპაგანდის გამო, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრების გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ხელისუფლების მიერ რუსული გავლენის მქონე მედიის ხელისუფლების მხრიდან დაფინანსებას შეეხებოდა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის ეკა ხერხეულიძის თქმით, ქვეყანაში რუსული გავლენის მქონე მედიას ხელისუფლება აფინანსებს. მან კვირიკაშვილს კვლევების გადაგზავნაც შესთავაზა, საიდანაც, მისი თქმით, აღნიშნული დასტურდება. პრემიერობის კანდიდატმა მას კვლევების გაგზავნაზე თანხმობა განუცხადა, თუმცა იქვე დასძინა, რომ „ეს არის აბსურდი".
„კი ბატონო, გამომიგზავნეთ, მაგრამ ეს არის აბსურდი, ასე კი არ ვფიქრობ, დადასტურებულად შემიძლიათ გითხრათ. მე თვითონ შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან შეშფოთებული ვარ ქვეყანაში გაზრდილი რუსული პროპაგანდის გამო და ეს არის ჩემი პირადი დამოკიდებულება", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
საქართველოს პარლამენტში დღეს მთავრობის წევრობის კანდიდატებს უსმენენ. გაიმართება. ახალი მინისტრთა კაბინეტისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კი პარლამენტი ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს.
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დასახელდა, რომელიც პრეზიდენტმა პარლამენტს წარუდგინა.
კვირიკაშვილმა პარლამენტს ნდობის გამოსაცხადებლად მთავრობა თითქმის უცვლელი შემადგენლობით წარუდგინა. რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას, ამ პოსტზე მიხეილ ჯანელიძეა წარდგენილი, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მანამდე კი 4 წლის განმავლობაში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო.