კვირიკაშვილი ხიდაშელის მიმართ ბრალდებაზე: ეს ჩირქს სცხებს არა პარტიას, არამედ მთავრობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის სხდომის დაწყებამდე თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის მიმართ გოგი თოფაძის კრიტიკულ განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებები, აბსოლუტურად მიუღებელია და აღნიშნული „ჩირქს სცხებს" არა მხოლოდ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობას.
„მინდა მოვუწოდო ჩვენს თანაგუნდელებს, რომ ასეთ საკითხებზე თუ მათ აქვთ შეკითხვები, ეს ალბათ სხვა წესით და სხვა ფორმატში უნდა იხილებოდეს. ჩვენი ერთიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა ადამიანი, ვინც მზად არის ჩვენთან ერთად აიღოს ეს ტვირთი და ეს ტვირთი არ არის მსუბუქი, ვინც მზად არის იმ პრინციპებით და იმ ხედვით, რომელი ხედვითან ჩვენ მივდივართ წინ, ემსახუროს ჩვენს ქვეყანას. ჩვენ მზად ვართ, რომ კარი გავუღოთ მათ და არა თუ იმაზე ვიფიქროთ, რომ ჩვენ დავიშალოთ თუ მივცეთ სალაპარაკო იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ნამდვილად უხარიათ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
„არჩევნებზე კანონი „ოცნებამ" კი არა თინა ხიდაშელმა დაარღვია“, - პარტია „ქართული ოცნება-მრეწველების“ ლიდერი გოგი თოფაძე „ობიექტივის“ ეთერში საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელზე ისაუბრა.
პარლამენტარის თქმით, საგარეჯოში გამართულ შუალედურ არჩევნებზე თინა ხიდაშელმა კანონი დაარღვია და შედეგები გააყალბა.
„ყველა ამბობს, რომ არჩევნები კანონდარღვევით ჩატარდა და ჩაატარა „ოცნებამ". არადა კანონი თინა ხიდაშელმა დაარღვია. რაც შეეხება გიგლა აგულაშვილს, მე უნდა ვიყო ობიექტური, მე იმ რაიონში გარკვეული აქტივები მაქვს, თანამშრომლები მყავს. რამდენიმეს ვკითხე, ჩავდიოდი ხოლმე, არავის უთქვამს, რომ გიგლა აგულაშვილი აქტიურობდა. აგულაშვილს უკანონო არაფერი გაუკეთებია“, - განაცხადა გოგი თოფაძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" თავმჯდომარის, დავით ბერძენიშვილის თქმით, დეპუტატი გოგი თოფაძე თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის წინააღმდეგ „ორკესტრირებულ კამპანიას" მიმართავს.
როგორც ბერძენიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების" წევრებისგან პასუხს მოელის, თუ რამდენად შესაძლებლად მიაჩნიათ საქმიანობის გაგრძელება ფრაქციაში გოგი თოფაძის თავმჯდომარეობის პირობებში.
„პასუხს მოველი პარტიის ხელმძღვანელის, ზურაბ ტყემალაძისგან, თუ რას ფიქრობს თოფაძის ასეთ განცხადებებზე... თოფაძემ გუშინ, „ობიექტივში" გამოსვლისას „რესპუბლიკური პარტიის" წინაღმდეგ კამპანია სცადა. პერსონალურად თინა ხიდაშელია მისი სამიზნე და კოალიციის სახელით მოვითხოვ ამას. გამიკვირდა ძალიან, რომ ჩემი კოლეგა გია ვოლსკი გამობრძანდა და საერთოდ არ შეეხო ამ თემას. ალბათ, ჟურნალისტებთან აპირებს უფრო მსუყედ ამაზე ლაპარაკს", - თქვა ბერძენიშვილმა.
რამდენიმე დღის წინ გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ მედიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის თავდაცვის მინისტრს საგარეჯოს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს, სიმართლეს არ შეესაბამება.