კვირიკაშვილი: საარჩევნო დაპირებები ხშირ შემთხვევაში გადაჭარბებული იყო

 
2013 წელსაც ვთქვი, რომ საარჩევნო დაპირებები ხშირ შემთხვევაში იყო გადაჭარბებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმემ ვინმე გადააგდო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში საპარლამენტო უმცირესობის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.  „სამწუხაროდ, ძალიან ბევრი იმ ექსპერტის წინასწარი ანალიზი, რომელიც ჩართული იყო წინასაარჩევნო პროცესში, ზოგჯერ იყო გადაჭარბებული. ეს არ არის კარგი, მაგრამ ეს არ იყო ავანტურა ჩვენი მხრიდან. რაც შეეხება ტარიფების ზრდას, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ამ დონის, 45%-იანი დევალვაციის პირობებში, შეუძლებელია მარეგულირებლებმა არ მიიღონ ასეთი გადაწყვეტიება, რადგან ამ ტიპის გადაწყვეტილებების გარეშე უბრალოდ ფუნქცონირებას შეწყვეტენ ის სუბიექტები, რომლებიც ამ ბიზნესშია არიან ჩართული", - განაცხადა კვირიკაშვილმა.  საქართველოს პარლამენტში დღეს მთავრობის წევრობის კანდიდატებს უსმენენ. გაიმართება. ახალი მინისტრთა კაბინეტისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კი პარლამენტი ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დასახელდა, რომელიც პრეზიდენტმა პარლამენტს წარუდგინა. კვირიკაშვილმა პარლამენტს ნდობის გამოსაცხადებლად მთავრობა თითქმის უცვლელი შემადგენლობით წარუდგინა. რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას, ამ პოსტზე მიხეილ ჯანელიძეა წარდგენილი, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მანამდე კი 4 წლის განმავლობაში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო.