კვირიკაშვილი: ვერ დაგეთანხმებით, რომ „რუსთავი 2-ზე" მთავრობისგან პოლიტიკური ზეწოლაა

 
რაც შეეხება სიტყვის თავისუფლებასა და „რუსთავი 2-ის" საკითხს, ვერ დაგეთანხმებით, რომ მთავრობის მხრიდან ამ კომპანიაზე რაიმე ტიპის პოლიტიკური ზეწოლა მიმდინარეობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის განხილვისას განაცხადა. კვირიკაშვილის თქმით, პოლიტიკური ზეწოლის არ არსებობას „რუსთავი 2“ დღევანდელი სარედაქციო პოლიტიკაც ადასტურებს. „ვფიქრობ, რომ ჩვენი მთავრობა არის ის მთავრობა, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი მოიტანა ამ მიმართულებით. ეს არ არის ჩვენი მთავრობის შეფასებები, ამაზე მეტყველებს არაერთი საერთაშორისო, ძალიან რეიტინგული ინსტიტუტის შეფასება, მათ შორის მსოფლიო ბანკის, გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიისა და სხვა შეფასებები. რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციების სიხშირე ძალიან მაღალია. მაქსიმალურად შევეცდები, ყოველ შემთხვევაში შემიძლია ერთი პირობა დავდო, რომ  პროცესი, რომელიც მიმდინარეობს იქნება გამჭვირვალე, ამ პროცესის შესახებ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია ექნება საზოგადოებასა და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს“, - აცხადებს კვირკაშვილი. მისი თქმით, „რუსთავი 2-ის“ პროცესს გაანჩია ორი შემადგენელი ნაწილი, რომელსაც პოლიტიკური ისტებლიშმენტის ყველა წარმომადგენელმა პატივი უნდა სცეს. „ეს შემადგენელი ნაწილები გახლავთ საკუთრება და სიტყვის თავისუფლება. ეს არის თავისუფალი სასამართლოს გადასაწყვეტი და ეს არის საზოგადოების გადასაწყვეტი, რა ტიპის მედია ეყოლება მას“, - ამბობს კვირიკაშვილი. მისივე თქმით, ის მხარს უჭერს კრიტიკული მედიის არსებობას, თუმცა როგორც მოქალაქეს,  ტელევიზიების მიმართ ერთი „ადამიანური“ თხოვნა ექნებოდა. „მათ ცოტა მეტი იმუშაონ იმ მიმართულებით, რომ საზოგადოებას მივცეთ იმედი ხვალინდელი დღის. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ მთავრობის წარმომადგენლების სურვილი, ეს უნდა იყოს გამოძახილი საერთო საზოგადოებრივი სურვილისა. მე ვხვდები საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელს, როგორც ჩვენი მომხრეების, ასევე ჩვენი მოწინააღმდეგეებს, მაქვს გულწრფელი საუბარი ყველა მათგანთან. ეს არ არის მარტო ჩვენი მომხრეების აზრი, რომ აურა ქვეყანაში არის უარყოფითი, საზოგადოებაში განწყობა არის დაძაბული და ამ დაძაბულობას რაც ნაკლებად შევუწყობთ ყველა ჩვენგანი ხელს, როგორც მთავრობის, ასევე ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლები, უფრო უკეთესი ქვეყანა გვექნება, მით უფრო განვითარებული ეკონომიკა და მით უფრო მეტი პოზიტივი იქნება საზოგადოებაში“, - აცხადებს კვირიკაშვილი. საქართველოს პარლამენტში დღეს მთავრობის წევრობის კანდიდატებს უსმენენ. გაიმართება. ახალი მინისტრთა კაბინეტისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კი პარლამენტი ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს.