კვიციანის ინიციატივა, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის სასჯელს ითვალისწინებს
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი პარლამენტს სთავაზობს საკანონმდებლო პროექტს, რომლის მიხედვით რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება. დეპუტატის ინიციატივა პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა.
ემზარ კვიციანის ინიციატივით სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება სპეციალური მუხლი „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ“. თუ პარლამენტი კანონპროექტს მიიღებს, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა, ასევე ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას - დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით - ერთ წლამდე.
სოსო ჯაჭვლიანის მიერ წარდგენილი კანონპროექტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას ადმინისტრაციული წესით სჯიდა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ის პირველი მოსმენით 2016 წლის 2 თებერვალს განიხილა და მხარიც დაუჭირა.
ჯაჭვლიანის კანონპროექტის მიხედვით, პირის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა გამოიწვევდა დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 600 ლარი იქნებოდა. რელიგიური სიწმინდეების და საკულტო ნაგებობების წაბილწვაზე კი 500 ლარიანი ჯარიმა უნდა ყოფილიყო. მის მიღებამდე სოსო ჯაჭვლიანმა კანონპროექტი უკან გაითხოვა.
მაშინ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე კანონპროექტი უარყოფითად შეაფასა სამოქალაქო პლატფორმამ „არა ფობიას“. „გამოვხატავთ უკიდურესად უარყოფით დამოკიდებულებას საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტისადმი, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას ითვალისწინებს. მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი მნიშნელოვნად შეზღუდავს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში და კიდევ უფრო მეტად შეავიწროვებს რელიგიური უმცირესობების მდგომარეობას ქვეყანაში.“ - ნათქვამია სამოქალაქო პლატოფრმის მიერ 2016 წელის 3 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.
რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე დასჯის შემოღებას 2013 წლის ნოემბერში ითხოვდა შინაგან საქმეთა სამინისტროც. რომლის ინიციატივაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის პირის დაჯარიმებას ითავლისწინებდა. პარლამენტმა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე ინიციატივა საბოლოოდ არც მაშინ გაიზიარა.