კვლევა: რომელი პოლიტიკური პარტიები გამოირჩევიან ანტიდასავლური განწყობით
ფონდი „ლიბერალური აკადემია - თბილისი“ საქართველოში რუსეთის ხისტი და რბილი ძალის საფრთხეების კვლევის ფარგლებში, პოლიტიკურ პარტიებს ანტიდასავლური განწყობები გამოვლინების კუთხით აფასებს.
კვლევის თანახმად, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მოსახლეობაში ღიად პრორუსული იდეები პოპულარული არ არის, პრორუსული სენტიმენტების მქონე პარტიები თავიანთი იდეების ღია დეკლარირებას არ ახდენენ.
„ამის საპირისპიროდ, რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი პარტიები უპირატესობას ანიჭებენ ღიად ანტიდასავლურ პროპაგანდას ან აპელირებენ იმაზე, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია სასურველი, თუმცა მიუღწეველი და არარეალურია, რის ფონზეც საუკეთესო ვარიანტად რუსეთთან ურთიერთობას სახავენ“ - ნათქვამია კვლევაში.
კოალიცია „ქართული ოცნება“
კვლევის თანახმად, კოალიცია ბევრი მიმართულებით პროდასავლურ რეფორმებს ახორციელებს, თუმცა მისი ზოგიერთი ლიდერის საჯარო განცხადებები ეწინააღმდეგება კოალიციის მიერ დეკლარირებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რაც პოლიტიკურ წრეებშიც და სამოქალაქო საზოგადოებაშიც ბევრ კითხვას აჩენს.
„ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეულია პარტია “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” ლიდერის, გოგი თოფაძის რიტორიკა, რომელიც საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვან ბიზნესსაწარმოს ფლობს და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია. ამას გარდა, პარტიას მნიშვნელოვანი ბერკეტები აქვს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ “მრეწველების” პარტიული იერარქიის მეორე პირი, პარტიის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეა“ - ნათქვამია კვლევაში.
„თავისუფალი დემოკრატები“
კვლევის თანახმად, „თავისუფალი დემოკრატები“ მკვეთრად გამოკვეთილი პროდასავლური პოლიტიკური ძალაა.
„აღსანიშნავია, რომ თავისუფალი დემოკრატები ყველაზე მნიშვნელოვან როლს სწორედ საგარეო და ევროინტეგრაციის პოლიტიკის წარმართვაში თამაშობდნენ, მათ თანამდებობის დატოვების შემდეგ ფრიად კრიტიკული განცხადებები გააკეთეს“ - ნათქვამია კვლევაში.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
“ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში მნიშვნელოვნად შეიზღუდა რუსეთის გავლენა საქართველოზე“ - ასე აფასებენ მკვლევარები პარტიას.
მათი თქმით, პარტია რუსეთისა და მისი ლიდერის, ვლადიმირ პუტინის მიმართ მკვეთრი რიტორიკით გამოირჩეოდა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში მკვეთრად დასავლური კურსის ფონზე მნიშვნელოვნად გაუარესდა ურთიერთობა რუსეთთან. ამ უკანასკნელმა საქართველოს ფაქტობრივი ემბარგო დაუწესა, მინიმუმამდე დავიდა ყველა სახის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობა“ - ვკითხულობთ კვლევაში.
„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო”
კვლევის თანახმად, რამდენიმე წლის განმავლობაში სწორედ ეს პოლიტიკური ძალა მიიჩნევა რუსეთის გავლენის ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ ინსტრუმენტად საქართველოში.
“დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსა” და მისი ლიდერის რიტორიკა პრორუსული პროპაგანდის ძირითად პოსტულატებს ეყრდნობა. ძირითადი გზავნილია ის, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისთვის საქართველოს ძალისხმევა უშედეგოა, დასავლეთი – ევროკავშირი და ამერიკა – საქართველოს ატყუებენ და მას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ინსტრუმენტად იყენებენ“ - ვკითხულობთ კვლევაში.
„პატრიოტთა ალიანსი”
კვლევის თანახმად, ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევა, არის “პატრიოტთა ალიანსი”, არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია, რომლის მხარდამჭერთა რიცხვი ბოლო 2 წლის განმავლობაში იზრდებოდა და ასეთი დინამიკის შენარჩუნების პირობებში შესაძლოა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში შეძლოს საკუთარი წარმომადგენლების შეყვანა პარლამენტში.
მკვლევარების თქმით, განსხვავებით “დემოკრატიული მოძრაობისგან”, რომლის ლიდერებიც უშუალოდ ხვდებიან რუს პოლიტიკოსებს და სტუმრობენ მოსკოვს, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები დეკლარირების დონეზე კატეგორიულად ემიჯნებიან რუსეთის პოლიტიკურ ელიტას და აცხადებენ, რომ წარმოადგენენ “პროქართულ” პოლიტიკურ ძალას.
„აღსანიშნავია, რომ ტერმინში “პროქართულობა” როგორც აღნიშნული პოლიტიკური ძალის, ისე სხვა სუბიექტების მიერ ხშირად იდება უკიდურესი, აგრესიული ნაციონალიზმი. მეტიც, ეს ტერმინი დიდწილად პრორუსული და მკვეთრად ანტიდასავლური სენტიმენტების შენიღბვის იარაღად იქცა“ - ვკითხულობთ კვლევაში.