ლეილა მუსტაფაევა: პრეზიდენტი დაინტერესებულია აფგან მუხთარლის გატაცების საქმით
საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დაინტერესებულია აფგან მუხთარლის გატაცების საქმით, - განაცხადა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლემ, ლეილა მუსტაფაევამ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა უთხრა, რომ ამ საქმეს გააკონტროლებს.
„საქართველოს პრეზიდენტს ამ საქმეზე ადეკვატური რეაგირება ჰქონდა. ვფიქრობ, ეს იყო სწორი პოზიცია, რაც მან დაადასტურა“, - განაცხადა მუსტაფაევამ.
„მუხთარლის გატაცება სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოსთვის, მისი სუვერენიტეტისა და დემოკრატიისთვის, რადგან ეს არის სტუმარ-მასპინძლის ქვეყანა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა კითხვას, რომელიც აქვს დაზარალებულ მხარეს და ოჯახს, პასუხი გაეცეს დროულად. ეს კითხვებია - რატომ აწარმოებს გამოძიებას კვლავ შსს, რატომ არ აქვს მეუღლეს დაზარალებულის სტატუსი და ბევრი მნიშვნელოვანი ეჭვი. მნიშვნელოვანია, გამოძიებამ იმუშაოს ისე, რომ ოჯახი გამოძიების ეფექტიანობაში დარწმუნდეს",- განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ.
მისივე თქმით, პრეზიდენტი ღია იქნება დაზარალებულისგან ინფორმაციის მისაღებად და მუდმივად ჩართული იქნება ამ საქმის გამოძიების მიმდინარეობაში.
აფგან მუხთარლის აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
აზერბაიჯანის პროკურატურამ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ბრალი სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით წაუყენა.
აფგან მუხთარლი, რომელიც საქართველოში გაუჩინარდა, ამჟამად ბაქოშია დაკავებული. მისი თქმით, თბილისიდან მის გატაცებაში ქართული სპეცსამსახურებიც მონაწილეობდნენ.
საქართველოს შსს გამოძიებას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით აწარმოებს.