ლევან ბერძენიშვილი: ძალიან გამიჭირდება გოგი თოფაძის შეურაცხყოფა
ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" წევრ ლევან ბერძენიშვილის თქმით, გოგი თოფაძეს ვერც პოლიტიკაში და ვერც ბიზნესში ვერ ხედავს.
„არ ვაკადრებ იმას, რაც ეკუთვნის, ძალიან გამიჭირდება მისი შეურაცხყოფა, რადგან, რაც უნდა ვთქვა, იმაზე ნაკლები იქნება, რაც ეკუთვნის. არ მაღელვებს მისი ბედი, რადგან მას პოლიტიკაში ვერ ვხედავ" - თქვა ბერძენიშვილმა.
გოგი თოფაძე თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს საგარეჯოს შუალედური არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. როგორც მან „იბერიის" ეთერში აღნიშნა, კოალიციის არც ერთი წევრი არ მოუხსენიებია აუგად, სანამ „შეურაცხყოფა და კბენა" არ დაუწყეს. მისი თქმით, მხოლოდ პასუხი გასცა შეურაცხყოფას, რომელიც მიაყენეს.
მან სხვა „რესპუბლიკელებზეც" ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლევან ბერძენიშვილს „შუბლის ძარღვი აქვს გაწყვეტილი", რადგან 80-იან წლებში პოლიტიკური საბაბით დაკავებული თანაგუნდელები „ჩაუშვა", თავად კი გაათავისუფლეს და სამსახურში დანიშნეს.
„აღარ მოვყვები მის ბიოგრაფიას. კიდევ სხვა თემაა, რა გააკეთა საჯარო ბიბლიოთეკაში" - თქვა თოფაძემ.