ლგბტ პირთა უმეტესობა პოლიციას ჰომოფობიური რეაქციის გამო არ მიმართავს
ლგბტ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა” (WSIG) საჯარო პოლიტიკის დოკუმენტი გამოსცა, სადაც ლგბტ პირთა უფლებების დაცვის კუთხით საქართველოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის კვლევაა მოცემული. დოკუმენტში საუბარია თანასწორობის კონსტიტუციურ გარანტიებზე, ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე.
მოკვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში არ არსებობს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ოფიციალური სტატისტიკა. სტატისტიკა ასეთი დანაშაულების შესახებ რეალურად არ ასახავს ლგბტ ადამიანთა მიმართ განხორციელებულ ძალადობის სურათს. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის აღრიცხვის დაბალი მაჩვენებლის ერთ-ერთი მიზეზი კი პოლიციის მიმართ უნდობლობა და ქამინგ აუთის შიშია. WISG-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მხოლოდ გამოკითხულთა 30%-მა მიმართა პოლიციას ფიზიკური ძალადობის შემთხვასთან დაკავშირებით.
„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფმა” ლგბტ თემის 150 წარმომადგენელთან ჩაატარა კვლევა. გამოკითხულთა თითქმის მესამედმა (48 რესპონდენტი) დაადასტურა ის, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყოფილა ფიზიკურ ძალადობის მსხვერპლი (ცემა, ხელის კვრა, წაქცევა, წიხლის ამორტყმა, იარაღის გამოყენება, სექსუალური ზეწოლა, სექსუალური ძალადობა). გამოკითხულთა 89,33% (134 რესპონდენტი) კი გამოკითხვის ჩატარებამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში ერთხელ მაინც გახდა ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი.
იმ 48 რესპონდენტთაგან, ვინც ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გამხდარა, 73%-ს არასდროს მიუმართავს პოლიციისათვის. მიზეზებს შორის ისინი ასახელებენ პოლიციის არაეფექტურობას (21,62%), შიშს, რომ პოლიციას ჰომოფობიური რეაქცია ექნება (29,73%), 21,62%-მა კი ინციდენტი არასაკმარისად სერიოზულად ჩათვალა იმისათვის, რომ პოლიციაში განეცხადებინა. მათ შორის, ვინც პოლიციას მიმართა, 46,15% უკმაყოფილოა ამ გადაწყვეტილებით, რადგან პოლიციის მხრიდან ჰომოფობიური რეაქცია შეხვდა. 30% ამბობს, რომ პოლიციის რეაქცია მეგობრული იყო, 23,08%-მა კი განაცხადა, რომ მათ ნეიტრალურად მოექცნენ.
2013 წელს, არასამთავრობო ორგანიზაციის, „იდენტობას”, მიერ ჩატარებული კვლევა გეი, ბისექსუალ მამაკაცებსა და ტრანსგენდერებთან, აჩვენებს, რომ შეკითხვაზე „გამხდარხართ თუ არა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ბოლო ორი წლის მანძილზე ” 48 რესპონდენტმა 109-დან დადებითად უპასუხა. მათგან, 36-მა ადამიანმა განაცხადა, რომ არასოდეს მიუმართავს პოლიციისათვის.
2015 წელს, WISG-მა დაასრულა მუშაობა ლგბტ პირთა საჭიროებების კვლევაზე ჯანმრთელობის სფეროში. კითხვარი ასევე მოიცავდა ინფორმაციას ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოცდილების შესახებ. კვლევამ აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელთან შედარებით იკლო რესპონდენტთა რაოდენობამ, ვინც ფიზიკური/ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ საუბრობენ (გამოკითხულთა 20%-ს აქვს ფიზიკური, ხოლო 68%-ს ფსიქოლოგიური ძალადობის გამოცდილება), იმატა იმ ადამიანთა რაოდენობამ, რომლებიც 3-ჯერ ან მეტჯერ გამხდარან ძალადობის მსხვერპლი. მათ შორის, ვინც ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ყოფილა, მხოლოდ 30%-მა მიმართა პოლიციას (20%-მა უფლებადაცვით ორგანიზაციას), ფსიქოლოგიური ძალადობის თაობაზე კი დაზარალებულთა მხოლოდ 4,4% მოიქცა ასე. ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში, რესპონდენტები პოლიციისთვის არმიმართვიანობის მთავარ მიზეზად პოლიციის არაეფექტურობას, უნდობლობას, ქამინგ აუთის შიშსა და დროის არქონას ასახელებენ. ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევაში, დაზარალებულთა 72,1% თვლის, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის ცალკეული შემთხვევები არ წარმოადგენს „სერიოზულ” მიზეზს იმისათვის, რომ მიმართოს პოლიციას ან უფლებადაცვით ორგანიზაციას.
დოკუმეტნტში ნათქვამია, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაული კომპლექსური საკითხია. მისი გამოძიების ტექნიკა უნდა ისწავლებოდეს ადამიანის უფლებების სტანდარტებისა და სისხლის სამართლის მატერიალური ნაწილისაგან დამოუკიდებლად: „საერთაშორისო გამოცდილება გვკარნახობს, რომ საჭიროა არსებობდეს განცალკევებული სტრუქტურა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიებაზე.“
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულია კანონის წინაშე თანასწორობა. თუმცა, კონსტიტუციის მე-14 მუხლის დისკრიმინაციის ამკრძალავი ნიშნების ნუსხაში, არ არის აღნშნული სექსუალურ ორიენტაცია და გენდერულ იდენტობა. ამის მიუხედავად, დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პროგრესულად განმარტა კონსტიტუციის მე-14 მუხლი და მასში ამოიკითხა დისკრიმინაციის აკრძალვა ადამიანის სექსუალური ორიენტაციისა და სექსუალური ქცევის საფუძველზე. ამგვარი მიდგომა საქარ- თველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიყენა 2014 წლის 4 თებერვლის #2/1/536 გადაწყვეტილებაში საქმეზე ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ.
საკონსტიტუციო სასამართლოს პროგრესული პრაქტიკის მიუხედავად, დოკუმენტში აღნშნულია, რომ ადმინისტრაციულ და კერძოსამართლებრივ სფეროში 2014 წლის 2 მაისამდე, არ არსებობდა ერთიანი და სისტემური ანტიდისკრიმინაციული რეგულაციები, ასევე აღნიშნული რეგულაციების სათანადო აღსრულების მექანიზმები.
2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონი. შრომის სფეროს გარდა, აღნიშნულმა კანონმა მოიცვა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო, სადაც კი საჯარო დაწესებულებების, კერძო ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან მოსალოდნელი იყო დისკრიმინაცია. ზემოხსენებული კანონი კრძალავს დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის საფუძველზეც. სახალხო დამცველს მიენიჭა დისკრიმინაციის აღმოფხვრის და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობის უფლებამოსილება. ეს კანონი სახალხო დამცველს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეაგროვოს დისკრიმინაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
„აღნიშნულ პოზიტიურ ასპექტებთან ერთად, 2014 წლის 2 მაისს მიღებულ ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას ახასიათებს სერიოზული ხარვეზებიც. სახალხო დამცველი დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შემთხვევაში დისკრიმინაციის განმახორციელებელ პირს უგზავნის რეკომენდაციას და ამით ასრულებს საქმისწარმოებას. სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესრულება არ არის სავალდებულო დისკრიმინაციული ქმედების განმახორციელებელი პირისათვის. სახალხო დამცველს არ გააჩნია დისკრიმინაციული ქმედების ჩამდენი პირის მიმართ რაიმე ტიპის სანქციის გამოყენების უფლებამოსილება, როდესაც დისკრიმინაციის აღმოფხვრის თაობაზე რეკომენდაცია არ სრულდება“.
„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ მიერ მომზადებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჯანდაცვის სფეროში ლგბტ პირთა დისკრიმინაცია კვლავაც აქტუალურია. რაც, პირველ რიგში, მსმ ჯგუფი- სათვის სისხლის დონორობის აკრძალვას ეხება.
ორგანიზაციის რეკომენდაციაა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ გააუქმოს მსმ პირების მიმართ დაწესებული სისხლის დონორობის სამუდამო აკრძალვა “ფანჯრის პერიოდის” დასრულების შემდეგ, თუკი დონორს ინფექციური დაავადება არ დაუდგინდა.
ორგანიზაციის რეკომენდაციაა ასევე შსს-სა და პროკურატურის მიმართ, შეიქმნას სიძულვილის დანაშაულის გამოძიებისა და საპროცესო ხელმძღვანელობის უზრუნველყოფის განცალკევებული დანაყოფი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გზით იბრძოლებს სიძულვილის დანაშაულის წინააღმდეგ. FBI-ს მოდელზე დაყრდნობით შემუშავდეს სიძულვილის მოტივის თაობაზე სახელმძღვანელო მითითებები, რაც გამომძიებლებს დაეხმარებათ ყოველი კონკრეტული დანაშაულის შემთხვევაში სიძულვილის მოტივის დადგენაში.
დოკუმენტის რეკომენდაციების ნაწილში, ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტსაც მიმართავს, სახალხო დამცველს მიანიჭოს დისკრიმინაციული ქმედების ჩამდენი პირის მიმართ სანქციის დაკისრების უფლებამოსილება, როდესაც დისკრიმინაციის ჩამდენი პირი არ ასრულებს სახალხო დამცველის რეკომენდაციას; კერძო ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაეკისროს სახალხო დამცველისათვის დისკრიმინაციასთან დაკავშირებით ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება; ასევე, კანონმდებლობით გარკვევით გაიწეროს დისკრიმინაციისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების კრიტერიუმები;
საჯარო პოლიტიკის დოკუმენტი პროექტ „ლგბტ ადამიანთა სამართლებრივი დახმარების“ ფარგლებში მომზადდა. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია NED ((National Endowment for Democracy).