ლორთქიფანიძე: სანიკიძემ პირობა დადო რომ პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნას სთხოვს

 
თსუ-ში განათლების მინისტრსა და სტუდენტებს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც სტუდენტთა აქციის მონაწილემ ლევან ლორთქიფანიძემ თქვა, მინისტრთან შეხვედრაზე  ორი პრინციპული შედეგია მიღწეული. „პირველი - ჩვენ თავის მხრივ, უნივერსიტეტის შიგნით შევეცდებით, რომ ყველა ინფორმაცია გავიგოთ და შიდა მოკვლევა ჩავატაროთ „ოდეერების“ შესახებ. მინისტრმა კი თავის მხრივ, პირობა დადო, თავად მიმართავს საქართველოს პარლამენტს, რომ შეიქმნას სპეციალური საგამოძიებო კომისია ამ თემის შესახებ“, - ამბობს ლორთქიფანიძე. რაც შეეხება მეორე შედეგს, როგორც ლევან ლორთქიფანიძე ამბობს, განათლების სამინისტრო მზად არის, რაც მთავარია, პოზიტიური განწყობა აქვს, რომ განიხილოს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზების თემები. ხვალ თსუ-ის ეზოში სტუდენტების ორგანიზებით მუსიკალური აქცია-კონცერტი არის დაგეგმილი. ლორთქიფანიძის თქმით, მისი შინაარსი არის ის, რომ სტუდენტურ თვითმმართველობას დაუმტკიცონ, სოციალური კაპიტალისა და მეგობრობის საფუძველზე, ყოველგვარი დაფინანსების გარეშე, შესაძლებელია მუსიკალური ღონისძიების ჩატარება. ორშაბათს სტუდენტები დემონსტრაციას განაახლებენ.