„მაჭახელა“ ბოდიშს იხდის და გუშინდელ ინციდენტში მონაწილე თანამშრომლებს ათავისუფლებს

 
რესტორან „მაჭახელა-სამიკიტნოს“ ადმინისტრაცია გუშინდელ ინციდენტზე ბოდიშს იხდის და აცხადებს, რომ ძნელია, ინფორმაციას ფლობდე ყველა, ათასობით თანამშრომლის პირადი პოლიტიკური შეხედულებებისა თუ მოსაზრებების შესახებ. მათივე განცხადებით, ინციდენტში მონაწილე თანამშრომლებთან საქმიან ურთიერთობას გაწყვეტენ, მათ შორის Facebook-გვერდის ადმინისტრატორთან, რომელმაც წინა პოსტში (რომელიც წაიშალა) ინციდენტში მონაწილეებს ფსევდოპატრიოტები უწოდა.  „ჩვენი რამდენიმე თანამშრომლის მიერ ადგილი ჰქონდა მცდელობას, შეეზღუდათ ერთ-ერთ ჩვენს ფილიალში სტუმრების მიერ ოკუპანტი ქვეყნის მამხილებელი პოსტერის დემონტრირება. სამწუხაროდ საკმაოდ ძნელია ინფორმაციას ფლობდე ყველა იმ ათასობით თანამშრომლის პირადი პოლიტიკური შეხედულებების თუ მოსაზრებების შესახებ, რომლებიც ჩვენს ქსელში არიან დასაქმებულნი. ასევე ძნელია პასუხი აგო ყოველი მათგანის მყისიერ და არასწორ გადაწყვეტილებებზე. ჩვენ ვგრძნობთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც გვეკისრება ამ შემთხვევაში და დაუყონებლივ ვწყვეტთ საქმიან ურთიერთობას ყველა იმ თანამშრომელთან, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ ინციდენტში მათ შორის ადმინთან, რომელმაც სრულიად არაკორექტულად და არასწორად გამოხატა ჩვენი პიზიცია. იმედია, ეს იქნება სიგნალი იმისა, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს. ასევე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია სრულიად იზიარებს საზოგადოების იმ გულისტკივილს და აღშფოთებას, რაც რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციით არის გამოწვეული. კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით მომხდარი ინციდენტის გამო“, - აცხადებს „მაჭახელა“.  _______________________________________________ გუშინ, 7 აგვისტოს Facebook-ზე აგვისტოს 10 წლისთავთან დაკავშირებული აქციის მონაწილემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რესტორან „მაჭახელაში“ სთხოვეს, პუტინის გამოსახულებიანი პლაკატი მაგიდიდან აეღოთ, რადგან „მაჭახელა არ არის პროტესტის გამოხატვის ადგილი“.