„მაესტროს" კრედიტორთა კრება გაჩეჩილაძის შუამდგომლობით გადაიდო
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილის გადაწყვეტილებით, „სტუდია მაესტროს“ კრედიტორთა კრება ტელეკომპანიის წილის 55%-ის მფლობელის, გია გაჩეჩილაძის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო.
როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას გაჩეჩილაძის ადვოკატი ირაკლი კორძახია ამბობს, სასამართლომ გაიზიარა მათი დასაბუთება, რომ ვინაიდან კრედიტორთა კრებაზე უნდა იყოს „მაესტროს“ (ამ შემთხვევაში მოვალის ინტერესები) ინტერესები დაცული და აღნიშნულის უფლებამოსილებაც აქვს დირექტორს, ასევე „ამჟამად ახალი დირექტორის რეგისტრაციის პროცესი 30 დღით შეფერხებულია, ბაია გადაბაძე კი ყოფილი დირექტორია და ის „მაესტროს“ ინტერესებს ვერ დაიცავს“.
კორძახიას თქმით, ბაია გადაბაძე დირექტორის თანამდებობიდან 4 თებერვლის პარტნიორთა კრებამ გაათავისუფლა, ამ კრების გადაწყვეტილება ძალაშია და ის სასამართლოს არ შეუჩერებია.
„კრედიტორთა კრებაზე ვერ იქნებოდა მაესტოს ინტერესები დაცული, ვინაიდან „მაესტროს“ რეალური დირექტორი, ლევან გაჩეჩილაძე კრედიტორთა კრებაზე არ იქნებოდა წარმოდგენილი“, - ამბობს კორძახია.
რაც შეეხება კითხვას, რომ რეესტრის ინფორმაციაში ამ ეტაპზე „მაესტროს“ დირექტორი ისევ ბაია გადაბაძეა, კორძახია განმარტავს, რომ აღნიშნული კორპორაციული სამართლის საკითხს წარმოადგენს, რის მიხედვითაც, „იმისათვის, რომ მოვლენას მიენიჭოს იურიდიული ძალა, არ არის აუცილებელი რეგისტრაცია“.
„მაგალითად, დირექტორის დასანიშნად არ არის აუცილებელი რეგისტრაცია. რეესტის სისწორის პრეზუმფციის თანახმად, რეესტრში რეგისტირებული ფაქტი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ამ ფაქტის სიმცდარეზე ცნობილი იყო მესამე პირისთვის. ამ შემთხვევაში სასამართლოსთვის ცნობილია, რომ კრების ოქმი არსებობს და მხოლოდ დროის საკითხია დირექტორის დარეგისტირება“, - ამბობს კორძახია.
მისივე თქმით, კრედიტორთა კრება 15 მარტს ჩაინიშნა რა დროისთვისაც გაჩეჩილაძის რეგისტრაციის პროცესი დასრულებული იქნება.
ადვოკატი ამბობს, რომ 15 მარტს კრედიტორთა კრება შეიძლება საერთოდ აღარ გაიმართოს, რადგან „ლევან გაჩეჩილაძის გადაწყვეტილებაა, რომ „მაესტროს მიმართ გაკოტრების პროცესის წარმოება შეწყდეს“.
გადაბაძემ სასამართლოს 4 თებერვალს პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობის შესახებ საჩივრით მიმართა, ის ასევე ითხოვდა სარჩელის უზრუნველყოფის სახით, სასამართლო პროცესის დასრულებამდე აღნიშნული კრების ოქმი შეჩერებულიყო.
სასამართლომ ბაია გადაბაძის „მაესტროს" გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ კრების ოქმის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.