მამის დღე წელს უკვე მეორედ მზიურში აღინიშნება
მამის დღე წელს უკვე მეორედ კამპანიის - „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში აღინიშნება, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციის We Care ინიციატივით.
მამის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 19 ივნისს, 19 საათზე, მზიურის სცენაზე გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში შედგება ჯგუფ „არას“ ახალი სიმღერის - „მამის იავნანის“ პრემიერა. სიმღერა საგანგებოდ ამ დღისთვის შეიქმნა და „ბასტი-ბუბუს“ სტუდიის მოსწავლეებთან ერთად შესრულდება.
გაეროს მოსახლეობის ფონდში (UNFPA) ამბობენ, რომ მამის დღის დაწესება და აღნიშვნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბავშვების აღზრდის პროცესში მამების ჩართულობის მნიშვნელობის ხაზგასასმელად. კამპანია - „კაცები ზრუნავენ“ მიმდინარეობს გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
„მამაკაცთა მზრუნველობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქალთა, ბავშვთა და, ზოგადად, საზოგადოებისა და ქვეყნის კეთილდღეობისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ არსებული სტერეოტიპები და დამკვიდრებული კლიშეები ხელს უშლის მამაკაცებს აიღონ პასუხისმგებლობა და მზრუნველი მამები, მეუღლეები, პარტნიორები და ოჯახის წევრები იყვნენ. არსებული სოციალური ნორმები კვლევებითაც დასტურდება: 2013 წელს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მიერ წარმოებული კვლევის - „კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“ მიხედვით, მოზარდისთვის საკითხავი ლიტერატურის შერჩევაში, მასწავლებელთან საუბარში, საჭიროების შემთხვევაში - დავალების მომზადებაში, ყოველდღიურად ჩართული მამაკაცების ხვედრითი წილი 5%-ს არ აღემატება, " - ამბობენ გაეროს მოსახლეობის ფონდში.
კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას,და ამ გზით - ქალების სოციალურ და ეკონომიურ მონაწილეობას და საზოგადოების გაძლიერებას.